თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა განაცხადა, რომ 2023 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ბოლოჯერ იყრის კენჭს. ამის შესახებ „ევრონიუსი“ წერს.
მედიის ცნობით, ერდოღანმა ქალაქ სამსუნში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ დროა ესტაფეტა ახალგაზრდა ადამიანებს გადაეცეთ.
„იმედია, 2023 წელს დავიწყებთ თურქული საუკუნის მშენებლობას იმ ძალით, რასაც ჩვენ ჩვენი ერის მხარდაჭერით მივიღებთ, ბოლოჯერ ჩვენი სახელით“, - განაცხადა ერდოღანმა.
„ჩვენ გადავცემთ ამ წმინდა დროშას ჩვენს ახალგაზრდებს“, - დასძინა მან.
ცნობისთვის, თურქეთში საყოველთაო არჩევნები 2023 წელს, ივნისში გაიმართება.
აღსანიშნავია, რომ ერდოღანის პარტია AKP ქვეყნის სათავეში 2003 წლიდანაა. ექსპერტების მოსაზრებით, ბოლო პერიოდის ქვეყანაში შექმნილი ეკონომიკური სირთულეები, მთავრობის არასწორი მართვის ბრალია. ასე მაგალითად, წლიური ინფლაციის დონემ ბოლო მონაცემებით, თურქეთში 84.4% შეადგინა.