ისრაელი-ჰამასის კონფლიქტთან დაკავშირებით პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა კრიტიკული განცხადებები გაავრცელა. მისი სიტყვით გამოსვლიდან რამდენიმე წუთში ქვეყნის ეროვნული ვალუტა რეკორდულ ნიშნულამდე გაუფასურდა და ერთი დოლარის ოფიციალურმა გაცვლითმა კურსმა 28 ლირას გადააჭარბა.
გარდა ამისა, მკვეთრად, თითქმის 7%-ით დაეცა თურქეთის ფლაგმანური საფონდო ინდექსი BIST 100. პანიკური ვითარების გამწვავების რისკების აღმოსაფხვრელად თურქეთის საფონდო ბირჟაზე რამდენიმე საათით ვაჭრობაც კი შეწყდა, რაც მკვეთრად გაზრდილი მერყეობით იყო გამოწვეული.
ერდოღანის განცხადებით, ის სასტიკად გმობს ისრაელის მიერ ღაზის სექტორის წინააღმდეგ განხორციელებულ სამხედრო იერიშს და ის ისრაელის მთავრობასა და მის მხარდამჭერებს, მათ შორის, ამერიკის შეერთებულ შტატებს მენტალურად დაავადებულებს უწოდებს.
ბუნებრივია, აშშ-ისა და ისრაელის წინააღმდეგ გავრცელებული განცხადებები გლობალურმა ინვესტორებმა ნეგატიურად მიიღეს, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ ზოგიერთი მხარე თურქეთს ბრალად სდებს ტერორისტული ორგანიზაციების მხარდაჭერას და ახლო აღმოსავლეთის რეგიონში კონფლიქტის წახალისებას.