ეროვნული ბანკის მიერ ყოფილი მთავარი პროკურორის, ოთარ ფარცხალაძისთვის საბანკო ანგარიშების დაბლოკვა “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევით კონსტიტუციის დარღვევად შეაფასა.
კონსტიტუციონალისტები აცხადებენ, რომ სებ-ს უდანაშაულობის პრეზუმფცია არ დაურღვევია და მარეგულირებელი საერთაშორისო ფინანსური სისტემის პოლიტიკით მოქმედებს.
“უდანაშაულობის პრეზუმფციას ყველა ქვეყნის კონსტიტუცია ითვალისწინებს, რაც ნიშნავს იმას, რომ სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე, არავის აქვს უფლება თქვას, რომ ესა თუ ის პირი დამნაშავეა. თვეებია ვუყურებთ უამრავ შემთხვევას, როდესაც ქვეყნებმა რუსეთის არაერთ ფიზიკურ თუ იურიდიულ პირს სანქცია დაუწესა. ეს სანქციები სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე წესდება. ანუ ყველა სახელმწიფო არღვევდა კონსტიტუციას? იმის თქმა, რომ სებმა კონსტიტუცია დაარღვია, უსაფუძვლოა. ეროვნული ბანკი არის იმ საერთაშორისო საბანკო სისტემის ერთ-ერთი წევრი, რომელიც საქართველოს კომერციული ბანკების მოქმედებას აწესრიგებს. ისინი ვალდებულნი არიან, შეასრულონ ფინანსური სისტემის მოქმედების წესები”, - განაცხადა ვახტანგ ხმალაძემ.
"ორი არგუმენტი ითქვა. ერთი იყო, საქართველოს მოქალაქის მიმართ სანქციის გამოყენება დაუშვებელიაო, რაც ჩემთვის მკაფიო არ არის, რა უდევს ამას საფუძვლად. სანქციების სისტემა ერთნაირად მოქმედებს და ის საქართველოს მოქალაქეებსა და არა მოქალაქეებს ერთმანეთისგან არ განასხვავებს. რაც შეეხება მეორე არგუმენტს, უდანაშაულობის პრეზუმფციას. ესეც არარელევანტურია", - განაცხადა ვახუშტი მენაბდემ.
როგორც კონსტიტუციონალისტი BMG-თან აღნიშნავს, პარლამენტს შეუძლია, ეროვნული ბანკის საბჭოს წევრების მიმართ იმპიჩმენტის პროცედურა დაიწყოს.
“ეროვნული ბანკის წევრების მიმართ მოქმედება მხოლოდ იმპიჩმენტის პროცედურის ფარგლებში შეიძლება. პარლამენტი უფლებამოსილია, იმპიჩმენტის წესით თანამდებობიდან გადააყენოს საბჭოს წევრი ან წევრები. ამისთვის უნდა დადასტურდეს ამ პირთა მიერ კონსტიტუციის დარღვევა, რაც საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა გააკეთოს. თუ სასამართლომ დაადასტურა დარღვევა, პარლამენტმა იმპიჩმენტს კენჭი უნდა უყაროს. პრეზიდენტისგან განსხვავებით, ამ შემთხვევაში, საკმარისია 76 ხმა, რაც ქართულ ოცნებას აქვს”, - აღნიშნა ვახტანგ ხმალაძემ.