"საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ" საქართველოს ორგანულ კანონში შესული ცვლილებების თანახმად, ეროვნულ ბანკს კონკურენციის შესახებ კანონის აღსრულება დაევალა. ცვლილებები ძალაში 4 ნოემბრიდან შევა და შეავსებს იმ ვაკუუმს, რაც კანონის აღსრულების კუთხით იდგა ბანკებისა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მიმართ.
ორგანულ კანონში ცვლილებებს წლებია ითხოვს სადაზღევევო სექტორი, რომელმაც ბანკების მხრიდან კონკურენციის შესახებ კანონის დარღვევა არაერთხელ საჯაროდ დააფიქსირა. თემასთან დაკავშირებულ კითხვებს სადაზღვევო კომპანია "უნისონის" გენერალური დირექტორი ვასილ ახრახაძე პასუხობს.
ბატონო ვასილ როგორ ფიქრობთ, ამ მიმართულებით საჭიროება მომწიფდა და მისი განხორციელების გადაუდებელი აუცილებლობა დრომ მოიტანა თუ სახელმწიფოსა და კერძო სექტორის ინტერესების თანხვედრას აქვს ადგილი?
სწორედ აღნიშნეთ, დიდი როლი დრომაც ითამაშა და ხელისუფლების კერძო სექტორის მიმართ მხარდაჭერამაც. აუდიტორიისათვის უფრო გასაგები რომ იყოს რასთან გვაქვს საქმე, მინდა იმ მიზეზებზე ვისაუბრო, რამაც ჩვენი მხირდან აღნიშნული ცვლილებების ინიცირება გამოიწვია.
2018 წლის დასაწყისში, სადაზღვევო კომპანია უნისონის მომხმარებელს, მორიგ ჯერზე, კომერციულმა ბანკმა უარი უთხრა ჩვენ მიერ გაცემული დაზღვევის პოლისის მიღებაზე. ბანკი აღიარებდა მხოლოდ მისი შვილობილი და ან მასთან მჭიდროდ აფილირებული სადაზღვევო კომპანიის პოლისებს, რითაც მომხმარებლის უფლებასთან ერთად - ესარგებლა თავისუფალი არჩევანის პირობით - უხეშად არღვევდა კონკურენციის პრინციპებს.
ჩვენ, კონკურენტული გარემოს უზრუნველყოფის მიზნით, მივმართეთ კონკურენციის სააგენტოს და ეროვნულ ბანკს. სწორედ მაშინ გამოიკვეთა კაზუსი კანონში.
ბატონო ვასილ, უფრო დეტალურად რომ განგვიმარტოთ, რომელ კაზუსზე საუბრობთ?
ჩვენი მიმართვის ორივე ადრესატმა, კონკურენციის სააგენტომ და ეროვნულმა ბანკმა, გვიპასუხა რომ კონკურენციის შესახებ კანონი ეროვნული ბანკის ქვემდებარე სფეროზე არ ვრცელდება. ამ საოცარი „აღმოჩენის“ შემდეგ, მიუხედავად უიმედო პროგნოზებისა, შევუდექით იმ რთულ გზას, რამაც დღევანდელ შედეგამდე მიგვიყვანა.
უნისონის ინიციატივით 2018 წლის 02 მაისს, მოწვეულ იქნა სადაზღვევო კომპანიების ასოციაციის სხდომა, რომლის საოქმო გადაწყვეტილებით სადაზღვევო ინდუსტრიის აბსლუტურმა უმრავლესობამ, გარდა ბანკთან დაკავშირებული 3 სადაზღვევო კოპანიისა, მხარი დაუჭირა ინიციატივას - მოთხოვნით მიგვემართა საკანონმდებლო ორგანოსთვის კანონში გასატარებელი ცვლილების თაობაზე.
შემდეგ იყო არაერთი შეხვედრა საკანონმდებლო ორგანოში საკომიტეტო მოსმენის ფორმატში, სადაც თითქმის ერთსულოვნები ვიყავით სახელმწიფო და კერძო სექტორი. სწორედ კანონმდებლების ერთსულოვანი მხარდაჭერით მივიღეთ ის შედეგი, რისკენაც მიემართა ამხელა ძალისხმევა.
კონკრეტულად, რა ხელშესახები ცვლილებები უნდა იგრძნოს მომხმარებელმა აღნიშნული ცვლილებების ძალაში შესვლის შემდეგ?
მომხმარებელს მიეცემა თავისუფლება ბანკთან სასესხო ვალდებულების აღებისას აირჩიოს სასურველი სადაზღვევო კომპანია. ეს ნიშნავს გაზრდილ კონკურენციას სადაზღვევო კომპანიებს შორის, რაც პირდაპირ აისახება მომხმარებელზე.
ჩვენ, უნისონის გუნდი, 4 ნოემბრიდან კვლავ დავდგებით მომხმარებლის უფლებების სადარაჯოზე და მსგავსი ფაქტების გამოვლენისთანავე, შემდგომი რეაგირების მიზნებისათვის, დაუყოვნებლივ მივმართავთ კონკურენციის სააგენტოსა და აწ უკვე ეროვნულ ბანკსაც.
მედიის საშუალებებსაც გთხოვთ, რაც შეიძლება მასიურად უზრუნველყოთ ამ სასიკეთო ცვლილების გაშუქება, რათა ნებისმიერი პირი (ფიზიკური თუ იურიდიული) ინფორმირებული იყოს მისი განსაკუთრებული უფლების - ისარგებლოს თავისუფალი არჩევანის პირობით - დაცვის შესაძლებლობებზე.
(NS)