მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ეროვნული ბანკი ბევრად მეტია, ვიდრე ფინანსური ინსტიტუტი. მადლობა ქალბატონ ნათია თურნავას ნაყოფიერი საქმიანობისთვის - შალვა პაპუაშვილი

პაპუაშვილი თურნავა

ეროვნული ბანკი ბევრად მეტია, ვიდრე ფინანსური ინსტიტუტი. მას დიდი წვლილი შეაქვს ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფაში. დღევანდელ რთულ გეოპოლიტიკურ ვითარებაში, პირდაპირი საინფორმაციო თავდასხმების პირობებში, რომლებიც, მათ შორის, ჩვენს ვალუტას ეხება, ეროვნულმა ბანკმა წარმატებით შეძლო ლარის სიმყარისა და ფინანსური სტაბილურობის შენარჩუნება. დიდი მადლობა ქალბატონ ნათია თურნავას პროფესიონალიზმისთვისა და ნაყოფიერი საქმიანობისთვის, - ამ სიტყვებით მიმართა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ბანკირის პროფესიული დღის აღსანიშნავად გამართულ ღონისძიებაზე საზოგადოებას.

მისივე თქმით, საბანკო-საფინანსო სექტორი საქართველოს ეკონომიკის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საყრდენია და მცირე მეწარმიდან მსხვილ საწარმომდე, სოფლად მყოფი ფერმერიდან ქალაქში მყოფ სტუდენტამდე, ყველას ეძლევა შესაძლებლობა, განახორციელოს თავისი მიზნები და მიიღოს დახმარება არსებულ გამოწვევებთან გასამკლავებლად.

„ჯანსაღი საბანკო სისტემა უნდა განვიხილოთ, როგორც არა მარტო ეკონომიკის, არამედ ეროვნული უსაფრთხოების ერთ-ერთი აუცილებელი კომპონენტი", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

მისივე თქმით, წლების განმავლობაში საბანკო-საფინანსო სექტორის წარმატებული განვითარების შედეგად საქართველო რეგიონში მნიშვნელოვანი ფინანსური ცენტრი გახდა.

„ჩვენ ვართ თანამედროვე საბანკო ტექნოლოგიების დანერგვის, მომხმარებელთა მომსახურებისა და მარეგულირებელი ჩარჩოს განვითარების მხრივ დიდი პროგრესის მომსწრენი. ჩვენი ბანკირების დაუღალავი შრომის შედეგად, საქართველო რეგიონში დინამიური და მედეგი ფინანსური ცენტრი გახდა.დღესდღეობით, თანამედროვე სამყაროში არსებული გამოწვევების გათვალისწინებით, მათ შორის, ფინანსური მომსახურებების ციფრული ტრანსფორმაციის ფონზე, თქვენი მოქნილობა და ინოვაციური მიდგომები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. დარწმუნებული ვარ, წარმატებით გააგრძელებთ სიახლეების დანერგვას და მომავალშიც უზრუნველყოფთ ჩვენი ეკონომიკისა და საზოგადოების სტაბილურობასა და განვითარებას.

ბანკირის დღეს, თითოეულ თქვენგანს დიდ მადლობას გიხდით თქვენი საქმიანობისთვის. პარლამენტი გააგრძელებს ისეთი პოლიტიკის ხელშეწყობას, რომელიც საბანკო-ფინანსური სექტორის შემდგომ განვითარებაზე იქნება ორიენტირებული და ფინანსური მომსახურებების ყველა მოქალაქისთვის ხელმისაწვდომობას უზრუნველყოფს“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

შეგახსენებთ, რომ საერთაშორისო ფინანსურმა გამოცემა Global Finance-მა ნათია თურნავას საქმიანობა ევროპის ცენტრალურ ბანკირებს შორის ყველაზე დაბალი ქულით (D შეფასებით) შეაფასა.

Global Finance-ის განმარტებითი ბარათის თანახმად, ნათია თურნავას D ქულა მიაკუთვნეს სებ-ის მიერ გასული წლის სექტემბერში, აშშ-ის მიერ ყოფილი მთავარი პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის სანქცირების საპასუხოდ დამტკიცებული საგამონაკლისო ბრძანების გამო, რომლითაც საქართველოს მოქალაქეთა წინააღმდეგ საერთაშორისო სანქციების რეჟიმი ადგილობრივი ფინანსური სექტორისთვის ძალაში შედის მხოლოდ მას შემდეგ, რაც გამამტყუნებელ გადაწყვეტილებას მიიღებს ადგილობრივი სასამართლოც. Global Finance-ი აღნიშნავს, რომ ამ გადაწყვეტილებაზე პროტესტის ნიშნად, ეროვნული ბანკი სამმა ვიცე-პრეზიდენტმა დატოვა, სალომე ზურაბიშვილმა კი ნათია თურნავას თანამდებობიდან გადადგომისკენ მოუწოდა. კიდევ ერთი საკითხი, რაზედაც Global Finance-ი წერს, საქართველოს სავალუტო რეზერვების მოცულობის შემცირებაა.

როგორც ნათია თურნავამ გუშინ განაცხადა Global Finance-სს შეკითხვით მივმართეთ, როგორ მივიდნენ ამ შეფასებამდე და იმედი გამოთქვა, რომ რაღაც გაუგებრობაა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები