ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის, ნათია თურნავას განცხადებით, ეროვნულმა ბანკმა Global Finance-სს, რომელმაც თურნავა ევროპაში ყველაზე დაბალი ქულით შეაფასა ცენტრალურ ბანკირებს შორის, კითხვით მიმართა.
როგორც თურნავამ Bm.ge-ს კითხვის პასუხად განაცხადა, ეს შეფასება ძალიან უცნაურია და იმედი გამოთქვა, რომ რაღაც გაუგებრობაა.
"ჩვენ მოვიკითხეთ ვინ არის ეს ორგანიზაცია - კერძო ორგანიზაციაა. მათი დეკლარირებული მეთოდოლოგიით ნამდვილად ვერ მივხვდით, რატომ არის ასეთი მკაცრი შეფასება, იმიტომ რომ მთავარი შეფასების კრიტერიუმი ამ ორგანიზაციის მიერ დეკლარირებული არის ფასების სტაბილურობა და ჩვენ 19 თვე გვაქვს არა თუ მიზნობრივზე დაბალი ინფლაცია არამედ, მეტწილად, 1%-ზე დაბალი ინფლაცია. მათი მეთოდოლოგიიდან გამომდინარე შედეგი გაუგებარი იყო. ძალიან უცნაურია.
ჩვენ მათ შეკითხვით მივმართეთ და იმედია გვიპასუხებენ, - ასეთი შესაშური დაბალი ინფლაციის დროს, რომელიც ნებისმიერი ცენტრალური ბანკირის მთავარი შეფასების კრიტერიუმია, როგორ მივიდნენ ამ შეფასებამდე. იმედია რაღაც გაუგებრობაა და რა პასუხსაც მივიღებთ გავასაჯაროებთ", - განაცხადა თურნავამ.
ინფორმაციისთვის: საერთაშორისო ფინანსურმა გამოცემა Global Finance-მა ნათია თურნავას საქმიანობა ევროპის ცენტრალურ ბანკირებს შორის ყველაზე დაბალი ქულით (D შეფასებით) შეაფასა.
Global Finance-ის განმარტებითი ბარათის თანახმად, ნათია თურნავას D ქულა მიაკუთვნეს სებ-ის მიერ გასული წლის სექტემბერში, აშშ-ის მიერ ყოფილი მთავარი პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის სანქცირების საპასუხოდ დამტკიცებული საგამონაკლისო ბრძანების გამო, რომლითაც საქართველოს მოქალაქეთა წინააღმდეგ საერთაშორისო სანქციების რეჟიმი ადგილობრივი ფინანსური სექტორისთვის ძალაში შედის მხოლოდ მას შემდეგ, რაც გამამტყუნებელ გადაწყვეტილებას მიიღებს ადგილობრივი სასამართლოც. Global Finance-ი აღნიშნავს, რომ ამ გადაწყვეტილებაზე პროტესტის ნიშნად, ეროვნული ბანკი სამმა ვიცე-პრეზიდენტმა დატოვა, სალომე ზურაბიშვილმა კი ნათია თურნავას თანამდებობიდან გადადგომისკენ მოუწოდა. კიდევ ერთი საკითხი, რაზედაც Global Finance-ი წერს, საქართველოს სავალუტო რეზერვების მოცულობის შემცირებაა.