მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“საბანკო მომსახურებაზე მეტი” - როცა მობილბანკი ყოველდღიური ცხოვრების ნაწილად იქცევა

ss
25.11.26 21:15
• 78
სტატიაში საუბარია:

დღეს მობილბანკი მხოლოდ თანხის გადარიცხვის, ბალანსის შემოწმებისა თუ კომუნალური გადასახადების დაფარვის საშუალება აღარ არის. მომხმარებლებს სურთ, ერთ სივრცეში მართონ ფინანსები, მიიღონ მათ ინტერესებზე მორგებული შეთავაზებები, განახორციელონ ინვესტიციები, და დრო აღარ დაკარგონ სხვადასხვა პლატფორმაზე საჭირო ინფორმაციის ძიებაში.

სწორედ ამ მოლოდინებზე საპასუხოდ ვითარდება საქართველოს ბანკის მობილბანკი - აპლიკაცია, რომელიც ტრადიციულ საბანკო მომსახურებას სცდება და მომხმარებელს ყოველდღიური ცხოვრების მრავალფეროვან საჭიროებებს ერთ სივრცეში უყრის თავს. მობილბანკის შესახებ, რომელიც წელს Global Finance-მა ქვეყანაში საუკეთესოდ დაასახელა, საქართველოს ბანკის ციფრული საბანკო მომსახურების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე, მაიკო გორგილაძე საუბრობს.

„ჩვენი ხედვით, თანამედროვე ციფრული ბანკი მხოლოდ ფინანსური ოპერაციების შესრულების ადგილი აღარ უნდა იყოს. მომხმარებლის ყოველდღიურობა სხვადასხვა საჭიროებისგან შედგება და გვინდა, თითოეული მათგანის მოსაგვარებლად ერთ აპლიკაციას სტუმრობდეს. ამიტომ მობილბანკის სახით ვავითარებთ უნივერსალურ სივრცეს, სადაც საბანკო მომსახურებასთან ერთად, მომხმარებელს მისთვის საჭირო სხვა პროდუქტებსა და სერვისებზეც მიუწვდება ხელი. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ეს ყველაფერი ერთიან, მარტივ და თანმიმდევრულ გამოცდილებას ქმნიდეს“.

ამ კონცეფციის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება არასაბანკო პროდუქტებია. მაგალითად, მომხმარებელს მობილბანკშივე შეუძლია აშშ-ის საფონდო ბირჟებზე ინვესტირების დაწყება, მათ შორის ისეთი კომპანიების აქციების შეძენა, როგორებიცაა Apple, Microsoft და Google - თანაც, ინვესტიციის დაწყება 1 დოლარიდან არის შესაძლებელი.

„ინვესტიციების მოდულის შექმნისას ერთ-ერთი მთავარი ამოცანა ფინანსური ბაზრების ხელმისაწვდომობის გაზრდა იყო. გვინდოდა, რომ ინვესტირების კულტურა ნაცნობი მხოლოდ გამოცდილი ინვესტორებისთვის არ ყოფილიყო. დღეს მომხმარებელს შეუძლია, მცირე თანხით დაიწყოს, გაეცნოს სხვადასხვა საინვესტიციო შესაძლებლობას და საკუთარი ფინანსური გადაწყვეტილებები თავად მიიღოს. თანაც, მნიშვნელოვანია, რომ ეს ყველაფერი უკვე მისთვის ნაცნობ აპლიკაციაშია ხელმისაწვდომი“.

კიდევ ერთი მიმართულება კრიპტოაქტივებია. მობილბანკიდან მომხმარებლებს 100-მდე კრიპტოთი ვაჭრობა შეუძლიათ. პროცესის სიმარტივე მათ საშუალებას აძლევს, დამატებითი პლატფორმის გამოყენების გარეშე შეიძინონ ან გაყიდონ სასურველი აქტივები და საკუთარი პორტფელის შესახებ ინფორმაცია ერთ სივრცეში მიიღონ.

მობილბანკის შესაძლებლობები მხოლოდ ფინანსური აქტივების მართვას არ უკავშირდება. მაგალითად, მანქანის სივრცე აერთიანებს ვიდეოჯარიმების დაფარვას, პარკირების საშვების მართვას, სადაზღვევო ინფორმაციასა და ავტომობილთან დაკავშირებულ სხვა სერვისებს.

„ჩვენთვის ასეთი პროდუქტები განსაკუთრებით საინტერესოა, რადგან ისინი მომხმარებლის ყოველდღიურ პრობლემებს პასუხობს. გვინდა, მომხმარებელმა ნაკლები დრო დახარჯოს რუტინულ საკითხებზე და მეტი დრო დაუთმოს იმას, რაც მისთვის მნიშვნელოვანია“.

აპლიკაციის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი პერსონალიზებული შეთავაზებებია. მობილბანკში მომხმარებელს შეუძლია ერთ სივრცეში აღმოაჩინოს პარტნიორი ბრენდების ფასდაკლებები, ქეშბექები და სხვა უპირატესობები.

„პერსონალიზაცია ჩვენთვის ნიშნავს იმას, რომ მომხმარებელს არ უნდა უწევდეს ათობით შეთავაზების დათვალიერება მისთვის საინტერესო ერთი შესაძლებლობის საპოვნელად. გვინდა, საჭირო ინფორმაცია სწორ დროს და შესაბამისი ფორმით მივაწოდოთ”, - განმარტავს მაიკო გორგილაძე.

მობილბანკში ინტეგრირებული ციფრული სასაჩუქრე ბარათებიც ამ მიდგომის ნაწილია. მომხმარებელს შეუძლია, აპლიკაციიდან შეიძინოს სასურველი მოლის ან ბრენდის ვაუჩერი, შეარჩიოს დიზაინი, დაურთოს მისალოცი ტექსტი და ადრესატს მობილურის ნომერზე გაუგზავნოს. ბარათის შეძენა შესაძლებელია PLUS ან MR ქულებითაც.

მაიკო გორგილაძის თქმით, ეს და სხვა პროდუქტები ერთ მიზანს ემსახურება - მობილბანკი მომხმარებლისთვის ყოველდღიური ცხოვრების პრაქტიკულ დამხმარედ იქცეს.

„ჩვენ გვაინტერესებს, რა სჭირდება ადამიანს დღეს, რა შეიძლება დასჭირდეს ხვალ და როგორ შევთავაზოთ ეს შესაძლებლობა მისთვის ყველაზე მოსახერხებელი გზით. სწორედ ამიტომ ვსწავლობთ მომხმარებლის ქცევას, ვიღებთ უკუკავშირს და მუდმივად ვაუმჯობესებთ როგორც არსებულ პროდუქტებს, ისე მთლიან გამოცდილებას“.

აღმოაჩინეთ მობილბანკის შესაძლებლობები ამ ბმულიდან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები