ეკონომისტ აკაკი ცომაიას აზრით, თუ პოლიტიკური კრიზისი გაღრმავდა და ეკონომიკურ კრიზისში გადაიზარდა, რასაც სავარაუდოდ, ინფლაციის ზრდა მოჰყვება, საქართველოს ეროვნული ბანკი საკმაოდ დიდი გამოწვევების წინაშე დადგება და მას არჩევანის გაკეთება მოუწევს. ამის შესახებ მან BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ სტუმრობისას განაცხადა.
- ეს იქნება მდგომარეობა, როდესაც პოტენციური და ფაქტობრივი ეკონომიკაც შემცირდება. რა თქმა უნდა, ასეთ სიტუაციაში სებ-ის დადგება არჩევანის წინაშე და ან უნდა აირჩიოს ფასების სტაბილურობის უზრუნველყოფა ან ეკონომიკური ზრდის ტემპის რაღაც დონეზე შენარჩუნება...
- საქართველოს ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობის მიმართ არსებული კითხვების გათვალისწინებით, რა მოლოდინები გაქვთ?
- ჩვენ ვსაუბრობთ სცენარზე, რომელიც ქმნის გარემოს, როცა ხდება უცხოური ვალუტის მასობრივი გადინება და თუ ასეთი სცენარი განვითარდა, მაშინ ცხადია უცხოური ვალუტის გადინებას უნდა მოჰყვეს ლარის მკვეთრი გაუფასურება. სებ-ს სხვადასხვა ინსტრუმენტი აქვს და შეუძლია ბევრი რამ გააკეთოს - მაგალითად, მყისიერად გაზარდოს რეფინანსირების განაკვეთი და შეეწინააღმდეგოს ინფლაციას და ა.შ. სხვა მეთოდებიც აქვს, თუმცა ამ შემთხვევაში, შესაძლებელია, ეკონომიკა ჩააგდოს მძიმე მდგომარეობაში...
- სებ-ის არსებული მენეჯმენტის პირობებში, როგორ ფიქრობთ, რაზე გააკეთებს ეროვნული ბანკი არჩევანს?
- ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობის მიმართ არანაირი კითხვები არ მაქვს. ის დღეს ნამდვილად არ არის დამოუკიდებელი ინსტიტუციაა. სებ-ი არის ერთ-ერთი ოფისი, სხვა ყოფილ ინსტიტუტებთან ერთად, რომელიც არსებობდა საქართველოში და ემსახურება ერთ ადამიანს - არაფორმალურ მმართველს. შესაბამისად, სადღაც „იქ“ გადაწყვეტენ - ინფლაცია აირჩიონ თუ ეკონომიკური ზრდა, ისე მოიქცევა ეროვნული ბანკიც. ზოგადად კი, ეროვნული ბანკი იმდენმა ადამიანმა დატოვა, ვინ დარჩა და რა კადრებით იღებენ გადაწყვეტილებას, ესეც მოსაკითხია.
„წერტილთან“ ინტერვიუში აკაკი ცომაიამ ეროვნული ბანკის მიერ მონეტარული პოლიტიკის 8%-ზე დატოვების გადაწყვეტილებაც შეაფასა და თქვა, რომ ჯერჯერობით, საგანგაშო არაფერი ხდება ინფლაციასთან მიმართებით, ამიტომ სებ-ს შეეძლო, როგორც უცვლელად დატოვება, ისე მონეტარული პოლიტიკის მცირედით გამკაცრებაც.




























