ეკონომისტ აკაკი ცომაიას შეფასებით, მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის ტექსტი, რომელიც განმარტავს, რატომ დატოვა ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი უცვლელად, 8%-ზე, ორაზროვანია. „არგუმენტები ვერ ამოვიკითხე“ - თქვა აკაკი ცომაიამ BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ სტუმრობისას.
„ურთიერთწინააღმდეგობრივი შინაარსის წინადადებები წერია კომიტეტის გადაწყვეტილების ტექსტში. ანუ ერთი მხრივ, წლიური ინფლაცია 1%-ია, მეორე მხრივ, ეკონომიკა იზრდება, მაგრამ ზრდის წნეხი ინფლაციაზე არ ჩანსო, მაგრამ ამავე დროს წერენ, რომ საკრედიტო აქტივობა მაღალია, რაც ზრდის ინფლაციურ რისკებსო, შესაბამისად, შესაძლებელია, ამან რაღაც გავლენა პოვოს მომავალში მსყიდველობით უნარზე და სამრეწველო პროდუქციის ინდექსმა შეიძლება დაიწყოს ზრდაო“, - აღნიშნა აკაკი ცომაიამ.
როგორ ხსნის ეროვნული ბანკი რეფინანსირების განაკვეთის უცვლელად, 8%-ზე დატოვებას - განცხადება
საფინანსო სექტორის მსგავსად, ეკონომისტიც მიიჩნევს, რომ ეროვნულ ბანკს რეფინანსირების განაკვეთის შერბილება შეეძლო და საუბრობს იმ ფაქტორებზე, რატომაც ეს გადაწყვეტილება ახლა არ მიიღო.
„შეიძლებოდა, მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის შერბილებაც და სიფრთხილის გამოჩენაც {ანუ უცვლელად დატოვება}. ეროვნული ბანკის პოზიციიდან რომ გამოვიდეთ, ეკონომიკური ზრდის ტემპი ნორმალურია ქვეყანაში, პროგნოზირებულზე მაღალიც არის. შესაბამისად, არ აქვს აზრი, საკრედიტო აქტივობის უფრო მეტად გაზრდას და განაკვეთის შემცირებას. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, პოლიტიკურმა ფაქტორმა გავლენა მოახდინა. ახლა ეკონომიკის ზრდის ტემპი დაბალი რომ იყოს, შეიძლება, პოლიტიკური წნეხი ყოფილიყო მთავრობიდან, რომ მოდი, რაღაც ვქნათ და გააკეთეთ ისეთი, რომ ეკონომიკის ზრდის ტემპი დაჩქარდეს, მაგრამ ახლა ამის საჭიროება არ იყო და რეფინანსირების განაკვეთი უცვლელად დატოვეს“, - განაცხადა აკაკი ცომაიამ.
„წერტილთან“ ინტერვიუში ეკონომისტმა სებ-ის რეპუტაციაც შეაფასა და თქვა, რომ ეროვნული ბანკის მიმართ ნდობის ფაქტორი მაღალი არაა.
„სებ-ის პოლიტიკას მაშინ აქვს ძალა, როცა ინსტიტუციის მიმართ ნდობის ფაქტორი მაღალია. მნიშვნელოვანია, ეროვნული ბანკი იყოს გამჭვირვალე“, - დასძინა აკაკი ცომაიამ.