ეროვნული ბანკი ერთწლიან პერიოდში რეფინანსირების განაკვეთის 7%-იან ნიშნულამდე შემცირებას განიხილავს - სებ-ის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის გადაწყვეტილების თანახმად, ისინი განაკვეთის კლების შესახებ გადაწყვეტილებებს მხოლოდ ფრთხილი ბიჯებით მიიღებენ, დღეს კი სებ-მა განაკვეთის უცვლელად 8%-ზე დატოვების გადაწყვეტილება მიიღო, რაც სხვადასხვა ფაქტორებს, მათ შორის გაზრდილ გაურკვევლობას და საერთაშორისო ბაზრებზე სასურსათო ნედლეულისა და ტრანსპორტირების ფასების ზრდას დაუკავშირა.
ამასთან, ეროვნული ბანკი მიუთითებს, რომ 2024 წელს საქართველოში დაბალი ინფლაცია ნარჩუნდება, რაც 1.2%-ს შეადგენს, ეს კი ეროვნული ბანკის სამიზნე 3%-იან ნიშნულზე ორჯერ ნაკლებია.
"ამ ეტაპზე არსებული შიდა და გარე ვითარების ანალიზის შედეგად, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი უცვლელად, 8.0 პროცენტზე შეინარჩუნა. მონეტარული პოლიტიკის ნორმალიზაციის მიმართ ასეთი ფრთხილი მიდგომა მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ საშუალოვადიან პერიოდში ინფლაცია მის მიზნობრივ მაჩვენებელთან ახლოს შენარჩუნდეს. იმ შემთხვევაში, თუკი ინფლაციური რისკები არ რეალიზდება და ინფლაციური რისკების სიმწვავე შემსუბუქდება, ეროვნული ბანკი, ფრთხილი ბიჯებით, პოლიტიკის განაკვეთის მის ნეიტრალურ დონემდე, მიმდინარე შეფასებით 7 პროცენტამდე, შემცირებას განაგრძობს. იმ შემთხვევაში კი, თუ ინფლაციის მოლოდინებზე ზრდის მიმართულებით მოქმედი ფაქტორები კვლავ გამოიკვეთა, შესაძლოა მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება ან მიმდინარე მკაცრი პოზიციის ხანგრძლივად შენარჩუნება გახდეს საჭირო,"- ნათქვამია ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში.
მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შემდეგი სხდომა 2025 წლის 29 იანვარს ჩატარდება.