დღეიდან, 26 მარტიდან საქართველოს ეროვნულმა ბანკმა „ევრო 2024“-ის თემაზე საკოლექციო დანიშნულების მონეტების რეალიზაცია დაიწყო.
ვერცხლის მონეტები 10:00 საათიდან 2 დღის განმავლობაში იქნება ხელმისაწვდომი, ოქროს მონეტები კი, მხოლოდ ერთი დღით.
უწყება წერს, რომ სიმბოლურია, მონეტების რეალიზაცია საქართველოს ეროვნული ნაკრების უეფას-ს 2024 წლის ევროპის ჩემპიონატზე გასვლის თარიღს ემთხვევა.
ეროვნულმა ბანკმა საკოლექციო დანიშნულების 5 ლარის ნომინალის ოქროსა და ვერცხლის მონეტები (ოქრო - 1 500-იანი, ხოლო ვერცხლი - 10 000-იანი ტირაჟით), ფეხბურთში ეროვნული ნაკრების ისტორიული გამარჯვებისა და უეფა-ს 2024 წლის ევროპის ჩემპიონატზე თამაშის აღსანიშნავად გამოუშვა.
ვერცხლის მონეტის სარეალიზაციო ფასი 130 ლარია, ოქროს მონეტის სარეალიზაციო ფასი კი 2 200 ლარი.
ვერცხლის მონეტის მახასიათებლები:
- ნომინალი: 5 ლარი
- შემადგენლობა: Ag 925
- წონა: 15.5 გ
- დიამეტრი: 33 მმ
- წიბო: გლუვი
- ხარისხი: პრუფი
- მოჭრის რაოდენობა: 10000 ცალი
- წელი: 2024
ოქროს მონეტის მახასიათებლები:
- ნომინალი: 5 ლარი
- შემადგენლობა: Au 900
- წონა: 8.5 გ
- დიამეტრი: 25 მმ
- წიბო: გლუვი
- ხარისხი: პრუფი
- მოჭრის რაოდენობა: 1500 ცალი
- წელი: 2024
ვერცხლის და ოქროს მონეტების გაყიდვა შემდეგი პირობებით მოხდება:
ვერცხლის მონეტის შეძენა შესაძლებელია 2025 წლის 26 მარტის 10:00 საათიდან: ელექტრონული პლატფორმა - tkt.ge მეშვეობით, მხოლოდ 2 დღის განმავლობაში (26 და 27 მარტს); საკასო ცენტრისა და ყვარლის ფულის მუზეუმის სალაროებში.
ოქროს მონეტის შეძენა შესაძლებელი იქნება 2025 წლის 28 მარტის 10:00 საათიდან:
ელექტრონული პლატფორმის - tkt.ge მეშვეობით მხოლოდ ერთი დღით, იმავე დღის ბოლომდე; საკასო ცენტრისა და ყვარლის ფულის მუზეუმის სალაროებში.
2025 წლის 31 მარტიდან, მონეტების შესაბამისი მარაგის არსებობის შემთხვევაში, მონეტების რეალიზაცია საკასო ცენტრისა და ყვარლის ფულის მუზეუმის სალაროებთან ერთად, გაგრძელდება ასევე, ფულის მუზეუმის ინტერნეტ მაღაზიის მეშვეობითაც - https://moneymuseum.nbg.gov.ge/
სებ-ის ცნობით, იმისათვის, რომ მონეტების შეძენა შეძლოს მაქსიმალურად ბევრმა დაინტერესებულმა პირმა, თითოეული შემადგენლობის მონეტისთვის დაწესდა შეზღუდვა - ერთ მომხმარებელს შეუძლია, შეიძინოს არაუმეტეს ერთი ვერცხლისა და ერთი ოქროს მონეტა.