მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ეროვნული ბანკი იდეალურად მუშაობს, როცა საქმე ლარის კურსს ეხება - ირაკლი კობახიძე

კობახიძე

ეროვნული ბანკი იდეალურად მუშაობს, როდესაც საქმე ეხება ლარის კურსის სტაბილურობას - განაცხადა ირაკლი კობახიძემ, BMG-ის კითხვაზე პასუხისას. პრემიერის განცხადებით, ლარის გაუფასურებას იწვევს არა ხელისუფლების მიერ ევროკავშირთან გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკებების გახსნის საკითხის 2028 წლამდე შეჩერების შესახებ გაკეთებული განცხადება, არამედ დესტრუქციული ძალები, რომლებიც ქვეყანაში პროტესტს აწყობენ. ამასთან, ირაკლი კობახიძემ განაცხადა ისიც, რომ ბოლო 4 წელში სხვადასხვა პროტესტის დროს ლარი უფასურდებოდა, თუმცა შემდგომ ის მყარდებოდა და ამ მხრივ ეროვნული ბანკი სიტუაციას "იდეალურად" მართავდა.

"ამ 4 წლის განმავლობაში ჩვენ გვქონდა ევროპაში ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდა, საშუალო ზრდა ამ 4 წლის განმავლობაში იყო 9.8% და წლევანდელი 10 თვის საშუალო ზრდა არის 10%. ფართო რეგიონსა და ევროპაში ჩვენ ვართ პირველ ადგილზე.

ამ 4 წლის განმავლობაში იყო ნაცმაიდნის მოწყობის 4 მცდელობა და გვქონდა ევროპაში ყველაზე მაღალი ზრდა. ჩვენ ამ 4 წლის განმავლობაში 40 მილიარდი ლარით გავზარდეთ საქართველოს ეკონომიკა.

რაც შეეხება ლარის კურსს, ოთხივე "ნაცმაიდნის" დროს იყო რყევა და შემდეგ ლარი დაუბრუნდა ძველ კურსს, ეროვნული ბანკი იდეალურად მუშაობს, როდესაც საქმე ეხება ლარის კურსის სტაბილურობას.

ჩვენ ვთქვით, რომ არ ვუერთდებოდით სანქციებს და უნდა იცოდეთ, რომ პირველივე წელს სანქციებთან მიერთება გამოიწვევდა 10%-ის ეკონომიკის ვარდნას. ამას დახურულ კარს მიღმა და შემდეგ ოპოზიცია დაგვიყენეს", - განაცხადა კობახიძემ BMG-ის კითხვაზე აცნობიერებს თუ არა მთავრობა ეკონომიკურ რისკებს.

"ქართული ოცნების" ერთპარტიული პარლამენტის მიერ 28 ნოემბერს გაკეთებული განცხადების შემდეგ ლარმა გაუფასურება დაიწყო. ერთი დოლარის ღირებულება 2.74 ლარიდან ამჟამად 2.87 ლარამდე გაიზარდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები