ირაკლი კობახიძე სებ-ის მიერ სავალუტო რეზერვების გაყიდვას არ ადასტურებს, მაგრამ არც უარყოფს. როგორც მან დღეს, 5 დეკემბერს წინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, “არსებითი ინტერვენციის საჭიროება არ ყოფილა“ და გუშინდელი ლარის კურსის გამყარება „პოლიტიკური ვითარების დასტაბილურების“ შედეგია. ამასთან, კობახიძემ კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ეროვნული ბანკი კარგად მუშაობს, რისთვისაც ის პირადად ნათია თურნავას მადლობას უხდის.
„ეროვნული ბანკი მუშაობს ძალიან კარგად. მხოლოდ სავალუტო რეზერვების გაყიდვებზე არაა საუბარი, ერთია ის, რომ ეროვნული ბანკი იღებს სხვადასხვა ზომას იმისათვის, რომ იზრუნოს კურსის სტაბილურობაზე და მადლობა კიდევ ერთხელ ეროვნულ ბანკს და პირადად ნათია თურნავას ეფექტური მუშაობისთვის. და მეორე, რა თქმა უნდა - საერთო პოლიტიკური ვითარება, ჩვენ შეგვიძლია წინა მოვლენები გავიხსენოთ, როგორც კი კოლექტიური ნაცმოძრაობა ცდილობდა ქვეყანაში ვითარების არევას, იზრდებოდა ლარის კურსი, თუმცა როგორც კი ეს მცდელობა ჩავარდებოდა ხოლმე, კურსი ჩამოდიოდა.
არსებითი ინტერვენციის საჭიროება არ ყოფილა, როგორც კი დასტაბილურდა პოლიტიკური ვითარება, მაშინვე ჩამოვიდა ლარის კურსი“, - განაცხადა კობახიძემ.
მისივე თქმით, ეკონომიკის განვითარებას არავითარი საფრთხე არ ემუქრება.
„გაგრძელდება ჩვენი ქვეყნის მშვიდობიანი და სტაბილური განვითარება. თქვენ იცით, რომ ასეთი პროცესები მოკლევადიან რყევებს იწვევს ხოლმე, ბუნებრივია. ხედავდით, რომ იყო მოკლევადიანი გავლენა ლარის კურსზე, თუმცა, როგორც კი ძალადობა დასრულდა, მაშინვე დაიწყო კურსის ქვემოთ ჩამოსვლა და დღეს ხედავთ, რომ უკვე რამდენიმე თეთრით არის ქვემოთ ჩამოსული ის კურსი, რომელიც ზემოთ ავიდა რამდენიმე დღის განმავლობაში. ეს ყოველ ჯერზე ასე ხდებოდა. ჩვენ ამ 4 წლის განმავლობაში, გამოვიარეთ „ნაცმაიდნის“ 4 მცდელობა და თითოეული მცდელობის პირობებში კურსი ადიოდა ზემოთ, თუმცა როგორც კი დასტაბილურდებოდა ვითარება, მაშინვე ჩამოდიოდა კურსი ქვემოთ და აქაც ვხედავთ იმავე ვითარებას.
ეკონომიკის სტაბილურ განვითარებას, რა თქმა უნდა, არავითარი საფრთხე არ ემუქრება. ჩვენ, წელს, გვაქვს 10 თვის მონაცემებით 10 %-იანი ზრდის მაჩვენებელი, პირველ ადგილზე ვართ ევროპასა და ფართო რეგიონში და წლის ბოლომდე ძალიან მაღალი მაჩვენებლით მივალთ. რა თქმა უნდა, გაგრძელდება მომავალ წელსაც სწრაფი ეკონომიკური ზრდა,“- განაცხადა კობახიძემ.
ცნობისთვის, ლარი დოლართან მიმართებით კობახიძის მიერ 28 ნოემბერს გაკეთებული განცხადების შემდეგ დაახლოებით 13 თეთრით გაუფასურდა, თუმცა გუშინ დაახლოებით 3 თეთრით გამყარდა.