ქართული ოცნების ერთპარტიული პარლამენტის მიერ არჩეული პრემიერის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, 28 ნოემბრის შემდეგ ეროვნული ბანკის მხრიდან "უმნიშვნელო ინტერვენციები" განხორციელდა - ამის შესახებ კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა. ამასთან, მისი თქმით, პოლიტიკური ვითარების დასტაბილურებასთან ერთად ლარმა გამყარება დაიწყო.
"რეალურად ამ დღეებში ეროვნული ბანკის მხრიდან იყო უმნიშვნელო ინტერვენციები, ეს შემიძლია გითხრათ. დეტალებზე თვითონ ეროვნული ბანკი გაგცემთ პასუხს. ეროვნული ბანკი არსებითი ინტერვენციების გარეშეც ახერხებს ლარის კურსის სტაბილურობის და კიდევ ერთხელ მადლობას გადავუხდი ეროვნულ ბანკს ამისთვის. როგორც კი დასტაბილურდა პოლიტიკური ვითარება, ლარმა დაიწყო გამყარება,"- განაცხადა კობახიძემ.
28 ნოემბერს ქართული ოცნების განცხადებას, რომ 2028 წლამდე თავად არ დააყენებენ ევროკავშირთან გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკებების საკითხს დღის წესრიგში, ლარის გაცვლითი კურსის მკვეთრი გაუფასურება მოჰყვა. ერთი დოლარის ღირებულება, რაც აღნიშნულ პერიოდში 2.74 ლარს შეადგენდა, 4 დეკემბერს 2.87 ლარამდეც გაიზარდა, როგორც ირკვევა ლარის კურსის შედარებითი გამყარება შემდგომ პერიოდში სებ-ის მიერ განხორციელებულმა ინტერვენციებმა განაპირობა.
არსებული მდგომარეობით ერთი დოლარის ღირებულება 2.81 ლარს შეადგენს, რაც 28 ნოემბრის კურსთან მიმართებით 3%-ით გაუფასურებული მაჩვენებელია.
ის თუ როგორ შეიცვალა 2024 წლის დეკემბერში საქართველოს სავალუტო რეზერვების მოცულობა ცნობილი გახდება 2025 წლის 8 იანვარს გახდება ცნობილი, ხოლო უშუალოდ Bmatch პლატფორმით განხორციელებული ინტერვენციების სტატისტიკას სებ-ი 25 იანვარს გაასაჯაროებს.
ოქტომბერში ეროვნულმა ბანკმა რეკორდული მასშტაბის 591 მილიონი დოლარის მოცულობის სავალუტო რეზერვები გაყიდა, რამაც საერთაშორისო რეზერვების 4.08 მილიარდ დოლარამდე შემცირება განაპირობა. ამ კლების ფონზე, განსაკუთრებით აქტუალური გახდა სავალუტო რეზერვების შევსება, რის შესახებაც BMG-ის ეთერში განცხადება გააკეთა IMF-ის ახლო აღმოსავლეთისა და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ჯიჰად აზურმა.
2024 წლის ნოემბრის ბოლოსთვის კი საქართველოს სავალუტო რეზერვებმა 4.1 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც წლიურ ჭრილში 999 მილიონი დოლარით არის შემცირებული.