მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კობახიძე ირწმუნება, რომ ლარის კურსი 2-3 დღეში დაუბრუნდება იმ ნიშნულს, საიდანაც დაიწყო გაუფასურება

თურნავა კობახიძე

პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ ლარის კურსი 2-3 დღეში იმ ნიშნულ დაუბრუნდება, საიდანაც დაიწყო გაუფასურება. „ეკონომიკა მუშაობს, ყველაფერი იქნება ძალიან კარგად, გრძელდება ევროინტეგრაციის პროცესი. საქმე შანტაჟის ნაცვლად“ - აცხადებს კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე.

ირაკლი კობახიძემ საქართველოს ეროვნულ ბანკს სწორი რეაგირებისთვის მადლობა გადაუხადა.

„ქვეყანა აგრძელებს მშვიდად განვითარებას. თქვენ ხედავთ, რომ ლარის კურსი უკვე ჩამოვიდა ქვევით, მოკლევადიანი რყევები იყო, რაც წინა მაიდნების სამი მცდელობის შემთხვევებშიც იყო და ძალიან მალე დავასტაბილურეთ ლარის კურსი, ახლაც გრძელდება ლარის დასტაბილურება, ყოველდღიურად დადებითი დინამიკაა სახეზე. მადლობა ეროვნულ ბანკს სწორი რეაგირებისთვის. ვითარების დამშვიდება დამატებით ხელს შეუწყობს იმას, რომ კურსი დასტაბილურდეს და ლარის კურსი 2-3 დღეში დაუბრუნდება იმ ნიშნულს, საიდანაც დაიწყო გაუფასურება რამდენიმე დღის განმავლობაში“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

28 ნოემბერს, მას შემდეგ რაც „ოცნებამ“ 2028 წლამდე ევროკავშირში მოლაპარაკებების პროცესი შეჩერების შესახებ განაცხადა, 30 ნოემბრიდან ეროვნული ვალუტის კურსმა გაუფასურება დაიწყო. თუ 28 ნოემბერს 1 დოლარი 2.74 ლარი ღირდა, 4 დეკემბერს გაცვლითი კურსი 2.87 ლარი იყო, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ პერიოდში ლარი დოლართან მიმართებით 13 თეთრით გაუფასურდა. 4 დეკემბრიდან ეროვნული ვალუტა გამყარების ტრენდს აჩვენებს და დღეისთვის 28 ნოემბრის კურსთან შედარებით ის 8 თეთრითაა გაუფასურებული. როგორც ცნობილია, ამ დღეების განმავლობაში ეროვნულ ბანკს სავალუტო ინტერვენციები არ განუხორციელებია, თუმცა ამ დროისთვის ხელმისაწვდომი არ არის სებ-ის მიერ Bmatch პლატფორმის ტრანზაქციები, რომელიც 25 იანვარს გახდება ცნობილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები