საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტ კობა გვენეტაძის განცხადებით, კრიპტოვალუტის რეგულირების პროექტი საქართველოს პარლამენტს 2022 წლის განმავლობაში წარედგინება. ამის შესახებ მან მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის სხდომის დასრულების შემდეგ BM.GE-ის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
კითხვაზე, ფულის გათეთრების მიმართულებით არსებული რისკების გათვალისწინებით როდიდან და როგორ აპირებს ეროვნული ბანკი კრიპტოვლუტების რეგულირებას, სებ–ის პრეზიდენტი პასუხობს:
„სებ-ის მიერ ვირტუალური აქტივების რეგულირების სამართლებრივი ჩარჩოს პირველადი პროექტი, ფინანსურ ქმედებათა სპეციალური ჯგუფის მოთხოვნების შესაბამისად შემუშავდა. ეს მოიაზრებს ვირტუალური აქტივის გადაცვლის, გადაცემის, ადმინისტრირების, მომსახურების განმახორციელებელი პირების რეგულირებას, მათთვის რეგისტრაციის ლიცენზირების შესაბამისობის ტესტისა და ფულის გათეთრების კონტროლის მოთხოვნების განსაზღვრის გზით. ჩვენ გვაქვს სამუშაო ვარიანტი, რომელზე მუშაობაც ცოტა ხანში დამთავრდება. ვგეგმავთ ამ პროექტის განხილვას როგორც კერძო, ასევე საჯარო სექტორთან. ამის შემდეგ 2022 წლის განმავლობაში საკანონმდებლო ჩარჩო გვინდა განვიხილოთ, მივიღოთ რეკომენდაციები და ამის შემდეგ 2022 წლის განმავლობაში დოკუმენტი პარლამეტს წარედგინება“, - განაცხადა კობა გვენეტაძემ.




























