მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პასუხისმგებლიანი დაკრედიტება რომ არა, შინამეურნეობების 20% გადახდისუუნარო იქნებოდა - გვენეტაძე

63fc79e82118a
შოთა ტყეშელაშვილი
27.02.23 13:40
723
სტატიაში საუბარია:
ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ მისი 7-წლიანი საქმიანობის შემაჯამებელი პრეზენტაცია გამართა. მან სებ-ის მიერ გატარებული რეფორმების, მათ შორის პასუხისმგებლიანი დაკრედიტების სისტემის შესახებაც ისაუბრა. გვენეტაძის განცხადებით, რომ არა სესხების გაცემის ეს რეგულაცია, დღეს შინამეურნეობების 20% გადახდისუუნარო იქნებოდა.

“პასუხისმგებლიანი დაკრედიტება - ეროვნული ბანკის წარმატებული და ხალხისთვის სასიკეთო რეფორმაა. ეს იყო წინასწარ ცნობილი კრიზისის თავიდან აცილება. ათობით ათას ადამიანი და ოჯახი, სესხის გადაუხდელობის გამო საჯარიმო სანქციების ქვეშ ექცეოდნენ. ეს, ერთი მხრივ აზიანებდა ჩვენ მოქალაქეებს და, მეორე მხრივ, საფრთხეს უქმნიდა მთელი ქვეყნის ფინანსურ სტაბილურობას. სწორედ ეს აიცილა თავიდან ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებებმა პასუხისმგებლიანი დაკრედიტების დანერგვით, რომელზეც ეკონომიკურ გუნდთან ერთად ვიმუშავეთ. ეს იყო მტკივნეული, მაგრამ აუცილებელი გადაწყვეტილება გრძელვადიანი პრობლემის თავიდან ასაცილებლად.

რეგულაციების შემოღებამდე უცხოური ვალუტის მსესხებელ შინამეურნეობათა რაოდენობა მზარდი იყო და 2017 წლისთვის 140,000-ს შეადგენდა. რეგულაციების შემდეგ კი ეს პარამეტრი განუხრელად კლებულობს და დღეისთვის უცხოური ვალუტის მსესხებელი შინამეურნეობების ოდენობა მხოლოდ 45,000-ია და მათაც სესხები ბევრად ჯანსაღ საკრედიტო პირობებით აქვთ აღებული.

დაკრედიტება რეგულაციის გარეშე, ძველი პირობებით რომ გაგრძელებულიყო, დღეს შინამეურნეობების 20% მეტი გადახდისუუნარო იქნებოდა, დღეს კი ეს მაჩვენებელი 4%-ს არ აღემატება. შესაბამისად, დამატებითი სირთულეები შეექმნებოდა სექტორს, გვექნებოდა გაღრმავებული კრიზისი, საკრედიტო აქტივობების შემცირება, რაც პანდემიით გამოწვეულ შოკს მნიშვნელოვნად გააუარესებდა. საპირისპიროდ, ჩვენ ვნახეთ, რომ ფინანსურმა სექტორმა შოკი არათუ კარგად დაძლია, არამედ, პანდემიის-შემდგომი აღდგენის ერთ-ერთი მთავარი დამფინანსებელი იყო,”- განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა.

შეგახსენებთ, პასუხისმგებლიანი დაკრედიტების სისტემა 2019 წლიდან ამოქმედდა, ამ რეფორმით სებ-მა ბანკებს განუსაზღვრა ახალი ჩარჩოები, რომლითაც მსესხებელთა გადახდისუნარიანობას შეაფასებდნენ. ასევე დადგინდა კრედიტის მომსახურებისა და შემოსავლების თანაფარდობის PTI ლიმიტები. პარალელურად, პარლამენტმა 200,000 ლარამდე კრედიტების უცხოურ ვალუტაში გაცემაც აკრძალა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები