თვის ბოლოს კობა გვენეტაძე ეროვნული ბანკის პრეზიდენტის პოსტს დატოვებს - დღეს სებ-ის პრეზიდენტის რანგში გვენეტაძემ ბოლოჯერ მიიღო მონაწილეობა რეფინანსირების განაკვეთის გადაწყვეტის სხდომაში და მის შესახებ ბოლო ბრიფინგი გამართა. მას BMG-იმ სებ-ის ახალი პრეზიდენტის არჩევის წესის შესახებ ჰკითხა.
“იმისთვის, რომ პირი გახდეს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, ის უნდა იყოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრი. ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატს ასახელებს ქვეყნის პრეზიდენტი, ეს კანდიდატურა იგზავნება პარლამენტში, შემდეგ ხდება განხილვა და დამტკიცების შემდეგ პიროვნება ხდება ეროვნული ბანკის საბჭოს წევრი, რომელიც 9 წევრისგან შედგება, ამჟამად ერთი ვაკანტური ადგილია. შემდეგ უკვე როდესაც აღარ ეყოლება სებ-ს პრეზიდენტი, საბჭო განიხილავს ამ საკითხს და შეარჩევს პრეზიდენტს. საბჭო შეარჩევს პრეზიდენტობის კანდიდატურას და შემდეგ ის დამტკიცდება ქვეყნის პრეზიდენტის ხელმოწერით. ხშირად ამბობენ, რომ პარლამენტი დაამტკიცებს პრეზიდენტს, არ არის ეს ასე, მას ირჩევს საბჭო და ამტკიცებს ქვეყნის პრეზიდენტი,”- აცხადებს გვენეტაძე.
ეროვნული ბანკის საბჭო კანონმდებლობის მიხედვით 9 წევრისგან შედგება. ამჟამად ის 8 წევრისგან არის შემდგარი, ხოლო კობა გვენეტაძის მიერ პოსტის დატოვების შემდეგ საბჭოს შემადგენლობა 7 წევრისგან იქნება დაკომპლექტებული. სებ-ის საბჭოს წევრებს პარლამენტი 7 წლით ამტკიცებს.