მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ეროვნული ბანკი საკოლექციო მონეტების დიზაინის ესკიზების შესარჩევად კონკურსს აცხადებს

611f997d6b2e6
BM.GE
20.08.21 16:09
743
საქართველოს ეროვნული ბანკი სამი ახალი საკოლექციო მონეტის დიზაინის შექმნის მიზნით კონკურსს 3 თემაზე აცხადებს: 1. მეფე ვახტანგ I გორგასალი; 2. მეფე გიორგი V ბრწყინვალე; 3. ევრობასკეტი 2022.

საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს გადაწყვეტილებით, საკოლექციო სერია "საქართველოს მეფეებისთვის“ შეირჩა მეფეები, რომელთა მმართველობაც ქვეყნის ისტორიისთვის გარდამტეხი აღმოჩნდა. სერია წარმოაჩენს ქვეყნის საერთო სოციო-პოლიტიკურ თუ ზოგად კულტურულ-ისტორიულ კონტექსტს, ხაზს უსვამს იმ გამორჩეულ ეტაპებს, რამაც სხვადასხვა დროს, რადიკალურად შეცვალა ქვეყნის შემდგომი განვითარების ხაზი. ამ ფორმით, ქართული ეროვნული ვალუტა კიდევ ერთხელ უწყობს ხელს ქვეყნის ისტორიული წარსულის პოპულარიზებას.

ამ ეტაპზე, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა დაიწყო მუშაობა მეფე ვახტანგ I გორგასლისა და გიორგი V ბრწყინვალეს თემებზე საკოლექციო დანიშნულების 5 ლარის ნომინალის ვერცხლის და ოქროს მონეტების გამოსაშვებად და ესკიზების შესარჩევ კონკურსს აცხადებს.

საკოლექციო მონეტის დიზაინის ესკიზის შესაქმნელად კონკურსის პირობები განთავსებულია ეროვნული ბანკის ოფიციალურ ვებგვერდზეა განთავსებული.

რაც შეეხება, ევრობასკეტი 2022-ის საკოლექციო მონეტას, ეროვნულ ბანკში განმარტავენ, რომ 2022 წლის ევროპის ჩემპიონატი - EUROBASKET 2022 უმაღლესი საკალათბურთო ღონისძიებააა, როგორც მონაწილე ქვეყნების სპორტული მიღწევების თვალსაზრისით, ასევე, ქვეყნის, როგორც მასპინძლისა და ორგანიზატორის საერთაშორისო მნიშვნელობის სტატუსის კუთხით. საქართველომ ევროპის 2022 წლის ჩემპიონატის - EUROBASKET 2022 მასპინძლობის უფლება 2019 წელს მოიპოვა. იტალიის (მილანი), გერმანიის (კიოლნი, ბერლინი) და ჩეხეთის (პრაღა) ქვეყნებთან ერთად. საქართველოსთვის (თბილისი) ღონისძიების ჩატარების უფლება, ჩვენი ქვეყნის მიმართ, ევროპის სპორტული და არამარტო სპორტული საზოგადოების მხრიდან ნდობის გამოხატულებაა.

„საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის ინიციატივით, თბილისი 2022 წლის სექტემბერში, მსოფლიო ყურადღების ცენტრი ისეთი გუნდების მასპინძლობით გახდება, როგორებიცაა მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი და საკალათბურთო რეიტინგის მოწინავე ნაკრები გუნდები (ესპანეთი, თურქეთი, ბელგია, რუსეთი, ბულგარეთი), ევრობასკეტ 2022-ის ფარგლებში თბილისს ამ ქვეყნების უმაღლესი რანგისა და მნიშვნელობის სტუმრები და გულშემატკივრები ეწვევიან, რაც ჩვენი ქვეყნის სპორტული ტურიზმის პოპულარიზაციას მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს.

საგულისხმოა ის გარემოებაც, რომ ქართულ კალათბურთს, რომელიც 1922 წლიდან დღემდე არაერთ მნიშვნელოვან გამარჯვებას ითვლის, 2022 წელს 100 წელი უსრულდება. ევრობასკეტ 2022 -ის მასპინძლობას სპორტის ეს სახეობა თვისობრივად ახალ საფეხურზე გადაჰყავს. სწორედ ამიტომ, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მიიღო გადაწყვეტილება "ევრობასკეტი 2022-ის“ თემაზე საკოლექციო დანიშნულების 5 ლარის ნომინალის მონეტის გამოშვების და შესაბამისი დიზაინის ესკიზის შესარჩევ კონკურსს აცხადებს“, - განმარტავენ ეროვნულ ბანკში.

ამ თემაზე საკოლექციო მონეტის დიზაინის ესკიზის შესაქმნელად კონკურსის პირობები ეროვნული ბანკის ოფიციალურ ვებგვერდზეა განთავსებული.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები