მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ეროვნული ბანკი წელს საქართველოში 10%-იან ეკონომიკურ ზრდას პროგნოზირებს

6358f1681430a
შოთა ტყეშელაშვილი
26.10.22 12:25
459
საქართველოს ეროვნული ბანკი 2022 წელს საქართველოში 10%-იან ეკონომიკურ ზრდას პროგნოზირებს - ამის შესახებ დღეს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ განაცხადა. ეროვნული ბანკის ინფორმაციით, წელს ეკონომიკურ ზრდაზე დადებით გავლენას ახდენს მაღალი მიგრაციული ნაკადი, რამაც ქვეყნის ადგილობრივი მოთხოვნა დაასტიმულირა.

10%-ის ზრდის მოლოდინი აგვისტოში გამოქვეყნებულ პროგნოზთან შედარებით 1 პროცენტული პუნქტით უფრო მაღალია. 

"ეკონომიკური აქტივობა კვლავაც ძლიერია. რუსეთ-უკრაინის ომისა და თანმდევი სანქციების შედეგად, საქართველოში მიგრაციული ნაკადები მნიშვნელოვნად გაიზარდა, რამაც ერთობლივი მოთხოვნა დაასტიმულირა. მიმდინარე წლის პირველი რვა თვის საშუალო წლიურმა ეკონომიკურმა ზრდამ 10.3 პროცენტი შეადგინა. შესაბამისად, ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 2022 წელს 10 პროცენტამდე გაიზარდა და, საშუალო წლიური ეკონომიკური აქტივობის დონე, სავარაუდოდ, მის პოტენციურ დონეს აღემატება. შედეგად, მოთხოვნიდან მომავალი ინფლაციური რისკები გამწვავდა, მიუხედავად იმისა, რომ ამას საგარეო შემოდინებების შედეგად გამყარებული ლარის გაცვლითი კურსი ნაწილობრივ აბალანსებს,"- ნათქვამია ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში. 

დღესვე სებ-მა რეფინანსირების განაკვეთის თაობაზე მორიგი გადაწყვეტილება მიიღო და ის უცვლელად 11%-ზე შეინარჩუნა. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები