მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ეროვნული ბანკის მხარდაჭერით პირველი რეგიონალური ვენჩურული ინვესტიციების სამიტი გაიმართა

64491b8c1b38a
BM.GE
26.04.23 17:31
442
სტატიაში საუბარია:
ეროვნული ბანკის მხარდაჭერით საქართველოში პირველი რეგიონალური ვენჩურული ინვესტიციების სამიტი - Central Eurasia Venture Summit გაიმართა. ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, გამართული შეხვედრის მთავარი მიზანი ვენჩურული კაპიტალის საინვესტიციო ფონდების განვითარების ხელშეწყობაა საქართველოსა და რეგიონის ქვეყნებში.

"სამიტის ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაში მონაწილეებმა ვრცლად ისაუბრეს იმ შესაძლებლობებისა და გამოწვევების შესახებ, რომლის წინაშეც დღეს რეგიონის ქვეყნებში სტარტაპ ეკოსისტემა და ვენჩურული კაპიტალის ფონდები დგანან. ეროვნული ბანკის წარმომადგენელმა, ანა ხინჩიაშვილმა, როგორც პანელური დისკუსიების ერთ-ერთმა წევრმა, სამიტის მონაწილეებს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ განხორციელებული რეფორმები გააცნო და საინვესტიციო ფონდების ბაზრის განვითარების პერსპექტივები მიმოიხილა: "საინვესტიციო ფონდები, განსაკუთრებით კი ვენჩურული კაპიტალის ფონდები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ინოვაციებისა და სტარტაპ კომპანიების მხარდასაჭერად, როგორც დაფინანსების ალტერნატიული წყარო. საქართველოში საინვესტიციო ფონდების სექტორი განვითარების ადრეულ ეტაპზეა. 2020 წელს მიღებულ იქნა "საინვესტიციო ფონდების შესახებ" კანონი, რის შემდეგაც ეროვნულმა ბანკმა 5 საინვესტიციო ფონდისა და 4 აქტივების მმართველი კომპანიის ლიცენზირება/რეგისტრაცია მოახდინა. რეგიონულ ბაზრებზე ინვესტირების მიზნებისთვის საქართველოში დაფუძნებული ფონდების მეშვეობით ოპერირება არის ერთ-ერთი მიზანი საქართველოში ამ სექტორის განვითარების შემდეგი ეტაპისთვის".

სამიტის ორგანიზატორები არიან საერთაშორისო კომპანია "მომავლის ლაბორატორია" (Future Laboratory) და ცენტრალური ევრაზიის ვენჩურული ფონდი (Central Eurasia Ventures). ღონისძიების მხარდამჭერებს შორისაა საერთაშორისო სატელეკომუნიკაციო კავშირი (ITU) და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID). სამიტში მონაწილეობა მიიღო 20-ზე მეტმა რეგიონალურმა ვენჩურულმა ფონდმა თურქეთიდან, ჩეხეთიდან, ყაზახეთიდან, უზბეკეთიდან, დიდი ბრიტანეთიდან, სომხეთიდან, მონღოლეთიდან და სხვა ქვეყნებიდან.

სამიტს ასევე ესწრებოდნენ რეგიონის ინოვაციების სააგენტოების ხელმძღვანელები, სტარტაპ ეკოსისტემის განვითარებაზე ორიენტირებულ ორგანიზაციათა წარმომადგენლები, ასევე, დამოუკიდებელი ინვესტორები და სტარტაპები,"- ნათქვამია სებ-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.


(ns)

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები