მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ეროვნული ბანკისთვისაც მნიშვნელოვანია ეს საკითხი" - დავით უტიაშვილი ფასების შესახებ კობახიძის განცხადებაზე

უტიაშვილი

სებ-ის ფინანსური სტაბილურობის დეპარტამენტის უფროსი, დავით უტიაშვილი ამბობს, რომ თუ სურსათზე ფასდადების მიმართულებით დარღვევები არსებობს და ამ მხრივ კონტროლი გამკაცრდება, ეროვნული ბანკი ამას მიესალმება.

"ოცნების" პრემიერ-მინისტრის განცხადებით, საქართველოში სურსათის ფასები ევროპის ქვეყნებთან შედარებით მნიშვნელოვნად მაღალია, რაც სადისტრიბუციო კომპანიებისა და საცალო ქსელების მაღალი ფასნამატით არის გამოწვეული. ირაკლი კობახიძემ სადისტრიბუციო კომპანიებთან და მარკეტებთან აქტიური მუშაობა დააანონსა; სამართალდამცავ უწყებებს საკითხის სიღრმისეული შესწავლა დაავალა. მანვე აღნიშნა, რომ საჭიროების შემთხვევაში, ანტიმონოპოლიურ მექანიზმებსაც გამოიყენებენ.

როგორც დავით უტიაშვილმა "ანალიტიკას" ეთერში განაცხადა, ეს საკითხი ეროვნული ბანკისთვისაც მნიშვნელოვანია, რადგან სებ-ი პოლიტიკის განხორციელებისას უშვებს, რომ ბაზარზე ფასდადება ხდება ფუნდამენტური ფაქტორების გათვალისწინებით და შესაბამისად, მარეგულირებლის ინსტრუმენტები ბაზარს გადაეცემა.

"იცით, რომ ეროვნული ბანკის პირდაპირი მანდატია ფასების სტაბილურობა და ამ კუთხით თუ შევხედავთ ჩვენ, ბოლო წლებში პრინციპში შეგვიძლია ვთქვათ, რომ ვართ დაბალინფლაციურ გარემოში. ახლა, ასე ვთქვათ, მიმდინარე საბაზო ინფლაცია არის მიზნობრივზე დაბალი, ჯამური ინფლაცია სამომხმარებლო ფასების ოდნავ უფრო მაღალია, თუმცა ეს საბაზო ეფექტით არის განპირობებული და ველოდებით, რომ ორ კვარტალში ის მიზნობრივ მაჩვენებელს დაუბრუნდება. ეს ეხება ფასების დონეს, თუმცა იმ განცხადებაში აღნიშნული იყო, რომ ბაზარზე ფასდადების პრაქტიკებთან დაკავშირებით არსებობს გარკვეული კითხვები. შეიძლება კონკურენციის კანონმდებლობის დარღვევა იყოს, შეიძლება ზოგადად ფასდადების სამართლიანი პირობების კუთხით ჰქონდეს გამოწვევა და ეროვნული ბანკისთვისაც მნიშვნელოვანია ეს საკითხი იმიტომ, რომ ჩვენ ჩვენი პოლიტიკის განხორციელებისას ვუშვებთ, რომ ჩვენი ინსტრუმენტები გადაეცემა ბაზარს და ბაზარზე ფასდადება ხდება ასე ვთქვათ ფუნდამენტური ფაქტორების გათვალისწინებით. ამიტომ, თუ ჩვენ გვიდგას ასეთი რისკები, მხოლოდ მივესალმებით თუ გამკაცრდება ასე ვთქვათ მისი კონტროლი, რომ აღმოიფხვრას ბაზარზე პოტენციური დარღვევები, თუ ასეთი არსებობს. იმიტომ, რომ თქვენ იცით, რომ კერძო სექტორს აქვს მოგების მაქსიმიზაციის მიზანი და ყოველთვის შეიძლება იყოს ცდუნება, რომ რაიმე დარღვევა ხდებოდეს",- ამბობს დავით უტიაშვილი.

კითხვაზე „რითეილ ასოციაციის“ განცხადების შესახებ, რომლის თანახმადაც, იმ ფაქტორებს შორის, რომლებიც პროდუქტს აძვირებს საბანკო საკომისიოებიცაა, დავით უტიაშვილი ამბობს, რომ საბანკო პროდუქტები უფასო არაა, თუმცა ეს ვერ იქნება მთავარი ფაქტორი, რაც საბოლოოდ პროდუქტის ფასს განაპირობებს.

"ბუნებრივია, საბანკო სექტორი არ არის უფასო. ცხადია, ნებისმიერ პროდუქტს თან ახლავს როგორც საკომისიო, ასევე სესხების შემთხვევაში საპროცენტო ხარჯი. თუმცა ჯამურად ვფიქრობ, რომ მაინც იმ ბრუნვის გათვალისწინებით, რაც ჩვენ ეკონომიკაში არსებობს, ეს ხარჯი ალბათ არ არის ყველაზე მთავარი, რაც განაპირობებს ჯამში პროდუქტების ფასს. თუმცა ცხადია ეს საკომისიოები იქ არსებობს. და ჩვენ ვფიქრობთ, რომ კომერციულ საბანკო სექტორში არის საკმაოდ მაღალი კონკურენცია და კლიენტებს, მათ შორის აქვთ არჩევანი, მით უმეტეს მცირე ზომის სასურსათო მაღაზიებს, რომ ბანკებს შორის გააკეთონ არჩევანი. ამიტომ არ ვფიქრობთ, რომ საბანკო სექტორი არის ძირითადი განმაპირობებელი ფასების დონის",- ამბობს დავით უტიაშვილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები