გუშინ, 11 იანვარს, ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორმა, გიორგი კეკელიძემ, სოციალურ ქსელში დაწერა პოსტი, რომლის თანახმადაც მან, პარლამენტის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, მან დაკავებული თანამდებობა დატოვა.
დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე კი პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა მედიასთან დაადასტურა, რომ გიორგი კეკელიძეს ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორის პოსტზე კონსტანტინე გამსახურდია ჩაანაცვლებს.
“მინდა აღვნიშნო, რომ ეროვნული ბიბლიოთეკა არის უფრო დიდი, უფრო მეტი, ვიდრე - თითოეული ჩვენგანი. ამიტომ, ის საქმე, რაც ბიბლიოთეკაში წლების განმავლობაში კეთდებოდა, არის ძალიან მნიშვნელოვანი. რა თქმა უნდა, მადლობელი ვარ ბატონი გიორგის და ყველა იმ კარგი საქმის, რომელიც მან თავის გუნდთან ერთად გააკეთა, თუმცა ეს საკადრო გადაწყვეტილებაა, რომელიც მნიშვნელოვანია ეროვნული ბიბლიოთეკის შემდგომი განვითარებისთვის.
ეროვნული ბიბლიოთეკის ახალი ხელმძღვანელი იქნება კონსტანტინე გამსახურდია. წარმატებას ვუსურვებ მას, უახლოეს დღეებში მოხდება მისი ოფიციალური დანიშვნა”, - ამბობს პაპუაშვილი.
პარლამენტის თავმჯდომარე კეკელიძის განთავისუფლების მიზეზად მის პოლიტიკურ შეხედულებასა და სამოქალაქო აქტივიზმს უარყოფს.
“ეროვნული ბიბლიოთეკა არაფერ შუაშია პოლიტიკასთან და არც უნდა იყოს. მცდელობები, რომ ისინი ერთმანეთს დაუკავშირონ, ამ ადამიანების არაკეთილსინდისიერებაზე მიუთითებს”, - აცხადებს შალვა პაპუაშვილი.
ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორის თანამდებობაზე კონსტანტინე გამსახურდია დაინიშნება - რუსთავი 2