2025-2026 სასწავლო წლისთვის ერთიანი ეროვნული გამოცდების საფუძველზე გასაცემი სახელმწიფო სასწავლო გრანტის წლიური მოცულობა გაიზარდა და 14 287 500 ლარით განისაზღვრა. შესაბამისი დადგენილება მთავრობამ 15 აპრილს გამოსცა. აღსანიშნავია, რომ მიმდინარე სასწავლო წლის გრანტის ჯამური მოცულობა დაახლოებით 1 მლნ ლარით ნაკლებია და 13 162 500 ლარს შეადგენს. ზრდა სოცდაუცველების, ასევე, აზერბაიჯანულ და სომხურ ენებზე ჩამბარებელთა დაფინანსების გაზრდის ხარჯზე მოხდა.
უფრო კონკრეტულად: სტუდენტთა სოციალური პროგრამის ფარგლებში დაფინანსება ჯამურად მომდევნო სასწავლო წელს 2 857 500 ლარი იქნება (მიმდინარე წელს - 2 632 500 ლარი იყო); უცხო ქვეყნის მოქალაქეთა დაფინანსება 240 000 ლარი იქნება (მიმდინარე წელსაც იგივეა); ერთიანი ეროვნული გამოცდების მხოლოდ ზოგადი უნარების აზერბაიჯანულენოვანი ტესტის შედეგების საფუძველზე ჩარიცხულ სტუდენტთა სახელმწიფო სასწავლო გრანტით დაფინანსება 900 000 ლარი იქნება (მიმდინარე წელს - 450 000 ლარია). ანალოგიურად სომხურენოვანი ტესტის შედეგების საფუძველზე ჩარიცხულთათვის გრანტით ჯამური დაფინანსება 900 000 ლარი იქნება (მიმდინარე წელს - 450 000 ლარია). ხოლო აფხაზურ და ოსურ ენებზე ჩაბარებისას 10 000-10 000 ლარი იქნება, მიმდინარე სასწავლო წელსაც იგივე რაოდენობა იყო.
ცნობისთვის, 2025-2026 სასწავლო წელს ერთიანი ეროვნული გამოცდების საფუძველზე გასაცემი სახელმწიფო სასწავლო გრანტის სრული ოდენობა ერთ სტუდენტზე წლიურად, მომდევნო სასწავლო წელსაც 2 250 ლარი იქნება.