მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ეროვნულმა ბანკმა 2024 წლის ინფლაციის პროგნოზი 1.9%-მდე გაზარდა

ნათია თურნავა

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 2024 წლის ინფლაციის პროგნოზი განაახლა. სებ-ის ახალი შეფასებით, 2024 წელს ქვეყანაში საშუალოდ 1.9%-იანი ინფლაცია იქნება, რაც ეროვნული ბანკის წინა პროგნოზთან შედარებით 0.4 პროცენტული პუნქტით მეტია. ეროვნული ბანკის შეფასებით, იმის მიუხედავად, რომ ინფლაცია სამიზნე 3%-ზე დაბლა ნარჩუნდება, გაზრდილია მასზე მოქმედი ნეგატიური ფაქტორები, აღნიშნულიდან გამომდინარე კი ინფლაციის მოლოდინი მცირედით გაიზარდა.

დღესვე ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთის უცვლელად, 8%-ზე შენარჩუნების გადაწყვეტილება მიიღო. მიღებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა აღნიშნა ისიც, რომ თუკი ინფლაციური რისკები არ რეალიზდება, რეფინანსირების განაკვეთი ფრთხილი ნაბიჯებით შემცირდება. თუმცა, თუკი ინფლაციაზე მოქმედი ფაქტორები საპირისპირო მიმართულებით მოახდენენ გავლენას, მაშინ ეროვნული ბანკი განაკვეთს გახანგრძლივებულად შეინარჩუნებს არსებულ დონეზე და მის დამატებით ზრდასაც არ გამორიცხავს.

"საქართველოში ინფლაცია მიზნობრივი 3 პროცენტის ქვემოთ ნარჩუნდება. მიმდინარე წლის ივნისში ფასების საერთო დონე წლიურად 2.2 პროცენტით გაიზარდა, ხოლო საბაზო ინფლაცია 1.4 პროცენტს შეადგენდა. ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებლის ფარგლებში შენარჩუნებას ადგილობრივად წარმოებული საქონლისა და მომსახურების ინფლაციის სტაბილური დონე განაპირობებს. ეს ერთი მხრივ, ეკონომიკაში გრძელვადიანი ინფლაციური მოლოდინების ნორმალიზებაზე მიუთითებს, რაც თანმიმდევრული მონეტარული პოლიტიკის ასახვაა, როგორც გამკაცრების ასევე შერბილების მიმართულებით. მეორე მხრივ, დაბალ ინფლაციას ეკონომიკაში გაზრდილი კონკურენცია უწყობს ხელს. ეროვნული ბანკის განახლებული პროგნოზით, სხვა თანაბარ პირობებში, 2024 წელს დაბალი ინფლაცია შენარჩუნდება და წლის ბოლომდე, ეტაპობრივად, მიზნობრივ მაჩვენებელს დაუახლოვდება. განახლებული პროგნოზით 2024 წელს ინფლაცია საშუალოდ 1.9 პროცენტი იქნება.

აღსანიშნავია, რომ გლობალური ეკონომიკური გაურკვევლობა, რამაც შესაძლებელია, ინფლაციური წნეხი წარმოქმნას, კვლავ მაღალია. ბოლო პერიოდში საერთაშორისო ბაზრებზე ნავთობისა და სურსათის ფასების მერყეობა და, ასევე, ჩინეთიდან ტრანსპორტირების ღირებულების ზრდის ტენდენცია შეიმჩნევა, რაც იმპორტირებულ საქონელზე ინფლაციის ზრდის რისკს ქმნის. გარდა ამისა, გლობალურად არსებული გეოპოლიტიკური დაძაბულობა კვლავ მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს. საგარეო ფაქტორების მიღმა, შიდა ეკონომიკური აქტივობა მოსალოდნელზე ძლიერია. აღნიშნულს გაზრდილი საკრედიტო აქტივობაც ასტიმულირებს, რომლის მთავარი მამოძრავებელი შიდა მოთხოვნაა. თუმცა ამ ეტაპზე ეკონომიკის წარმოების ჯამური პოტენციალიც გაზრდილია, რაც მოთხოვნის მხრიდან ინფლაციურ ზეწოლას ამცირებს,"- აღნიშნა ნათია თურნავამ.

მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შემდეგი სხდომა 2024 წლის 11 სექტემბერს ჩატარდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები