მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ეროვნულმა ბანკმა უნდა განმარტოს, რატომ იკლო $202 მილიონით რეზერვებმა თებერვალში - რომან გოცირიძე

თურნავა გოცირიძე

სებ-ის ყოფილი პრეზიდენტი რომან გოცირიძე საგანგაშოს უწოდებს სტატისტიკას, რომლის მიხედვითაც თებერვალში უცხოური ვალუტის რეზერვებმა 202 მლნ დოლარით იკლო.

მისი შეფასებით, ეროვნულმა ბანკმა რეზერვების კლების მიზეზი უნდა განმარტოს.

"გამოქვეყნდა ოფიციალური სტატისტიკური ინფორმაცია, რომელიც საგანგაშოა.

ეროვნულმა ბანკმა უნდა განმარტოს, თუ რატომ იკლო მკვეთრად უცხოური ვალუტის რეზერვებმა თებერვლის თვეში - 202 მილიონი დოლარის ოდენობით.

უცხოური ვალუტის რეზერვების კლებას ორი ძირითადი ფაქტორი განაპირობებს: საგარეო ვალის გასტუმრება და უცხოური ვალუტის გაყიდვა სავალუტო ბაზარზე ლარის კურსის გაუფასურების თავიდან ასაცილებლად.

საერთაშორისო იზოლაციის პირობებში მთავრობას გასული წლის ბოლოს დააკლდა და მიმდინარე წლის ბოლომდე კიდევ უფრო მეტად დააკლდება ასეულ მილიონობით დოლარი, რომელიც უცხოური მხარდაჭერის სახით შემოდიოდა ქვეყანაში. ეს ფული ძირითადად ეროვნული ბანკის რეზერვებში იყრიდა თავს. არსებულ ვითარებაში, მთავრობას საგარეო ვალის მომსახურება მთლიანად მოუწევს ეროვნული ბანკის რეზერვებიდან. საერთაშორისო იზოლაცია ასევე იწვევს ბაზარზე ვალუტის შემოდინების შემცირებას, რაც მზარდი იმპორტის პირობებში ლარის გაუფასურებას და რეზერვებიდან იმპორტის დაფინანსებისათვის უცხოური ვალუტის მეტი ოდენობით ხარჯვას ნიშნავს. ამ ორი ძირითადი ფაქტორიდან რომელი გახდა თებერვლის თვეში უცხოური ვალუტის რეზერვების მკვეთრი შემცირების მიზეზი, უნდა ახსნას ეროვნულმა ბანკმა.

ერთი თვის წინ ეროვნული ბანკი ირწმუნებოდა, რომ რეზერვებს არაფერი ემუქრება, რეალობა კი სულ სხვაგვარად გამოიყურება",- აცხადებს რომან გოცირიძე.

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, 2025 წლის თებერვალში საქართველოს ოფიციალური საერთაშორისო სარეზერვო აქტივები 202 მილიონი დოლარით შემცირდა და 4.23 მილიარდი დოლარი შეადგინა. წლიურ ჭრილში კი საქართველოს საერთაშორისო სარეზერვო აქტივები 512 მილიონი დოლარით, ანუ 11%-ით არის შემცირებული.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები