სებ-ის ყოფილი პრეზიდენტი, რომან გოცირიძე საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის, ნათია თურნავას დასანქცირებას ითხოვს.
მისი თქმით, სებ-ის გადაწყვეტილება, რომ სანქცირებულ ოთარ ფარცხალაძეს საბანკო ანგარიშებზე წვდომა აღუდგეს ქვეყანას რისკის ქვეშ აყენებს, რის გამოც მისი აზრით ნათია თურნავას საერთაშორისო სანქციები უნდა დაუწესდეს.
"ნათია თურნავას უნდა დაუწესდეს საერთაშორისო სანქციები. პარლამენტმა უნდა დაიწყოს იმპიჩმენტი. ქვეყანა ჩააყენა უდიდესი რისკის ქვეშ. ოთარ ფარცხალაძისადმი ეროვნული ბანკის მიერ დაწესებული შეზღუდვები გააუქმა," - წერს იგი სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ: მიმდინარე წლის 18 სექტემბერს, ცნობილი გახდა, რომ საქართველოს ყოფილ მთავარ პროკურორს ოთარ ფარცხალაძეს მის საკუთრებაში არსებულ საბანკო ანგარიშებზე წვდომა შეეზღუდა. საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ BMG-ისთვის მოწოდებული განმარტების თანახმად, აღნიშნულს საერთაშორისო ფინანსური სანქციების აღსრულების მექანიზმი ითვალისწინებს.
დღეს კი სებ-მა გამონაკლისი ბრძანება გამოსცა, რის მიხედვითაც სანქცირებულ ოთარ ფარცხალაძეს საბანკო ანგარიშებზე წვდომა აღუდგება.
ახალი ბრძანების თანახმად, სანქცირებულ საქართველოს მოქალაქეებთან დაკავშირებით სანქციები შედის ძალაში, თუკი მათ წინააღმდეგ გადაწყვეტილებას სასამართლო მიიღებს. შესაბამისად, სანქცირებული ყოფილი მთავარი პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის მიმართ ტრანზაქციების შეზღუდვა ამოქმედდება მაშინ თუკი ქართული სასამართლო მის წინააღმდეგ გამამტყუნებელ გადაწყვეტილებას მიიღებს.
ინფორმაციისთვის გეტყვით, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოს ყოფილი მთავარი პროკურორი, ოთარ ფარცხალაძე დაასანქცირა - მისი სახელი აშშ-ის ხაზინის SDN სიაში, ანუ სანქცირებულ პირთა სიაში მოხვდა. ფარცხალაძე საქართველოს და რუსეთის ფედერაციის ორმაგი მოქალაქეა. სანქცია უკრაინის ომის გამო, რუსეთის ფედერაციისთვის დაწესებული სანქციების პაკეტის შემადგენელია.
სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში ფარცხალაძე ნახსენებია როგორც ქართველი-რუსი ოლიგარქი, რომელიც რუსეთის ეკონომიკის მართვის საკონსულტაციო სექტორში საქმიანობს.