სებ-ის ყოფილი პრეზიდენტი, რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში ნიკოლოზ გაგუას თანამდებობის დატოვებას გამოეხმაურა.
ეროვნული ბანკი დარჩა მხოლოდ პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის, ნათია თურნავასა და საბჭოს კიდევ სამი წევრის შემადგენლობით, რაც გოცირიძის თქმით, ფაქტობრივად საბჭოს პარალიზებას ნიშნავს.
მისივე ინფორმაციით, ვრცელდება ხმები, რომ საბჭოს ამერიკელი წევრი, რობერტ სინგლეტერიც გადადგომას აპირებს.
“ქართული ოცნება” ეროვნულ ბანკში ნერგავდა ყოფილ მინისტრებსა და მინისტრების მოადგილეებს და ამით აშენებდა საფინანსო კლანს. ამ კლანის ნაწილად მოვიაზრებდი ფინანსთა მინისტრის ყოფილ მოადგილეს, ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტ ნიკოლოზ გაგუას. ამ ადამიანს აღმოაჩნდა ღირსება და სხვა ორ ვიცე-პრეზიდენტთან ერთად გადადგა თანამდებობიდან. ეროვნული ბანკი დარჩა მხოლოდ პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის, ნათია თურნავასა და საბჭოს კიდევ სამი წევრის შემადგენლობით, რაც ფაქტობრივად საბჭოს პარალიზებას ნიშნავს.
შექმნილი ვითარება დააჩქარებს ეროვნული ბანკის ირგვლივ განვითარებული მოვლენების მეტნაკლებად პოზიტიურად განმუხტვას, რომლის აუცილებელი პირობაა ნათია თურნავას გადადგომა. ვრცელდება ხმები, რომ საბჭოს ამერიკელი წევრი, რობერტ სინგლეტერიც აპირებს გადადგომას.
კიდევ ერთხელ მინდა შევაქო ნიკოლოზ გაგუას გაბედული საქციელი და ბოდიში მინდა მოვუხადო საბანკო კლანის წევრად მისი მოხსენიების გამო.
შეგახსენებთ: საქართველოს ეროვნული ბანკის სამივე ვიცე-პრეზიდენტმა, პაპუნა ლეჟავამ, არჩილ მესტვირიშვილმა და ნიკოლოზ გაგუამ თანამდებობა დატოვა.
თანამდებობას ტოვებს საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მრჩეველი გიორგი ბაქრაძეც.