მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ერთ ბაზარზე ჩამოკიდება და მითუმეტეს - რუსეთზე, არასწორია“ - მიხეილ ხიდურელი

63cab331c457b
თელარა გელანტია
21.01.23 09:30
1166
სტატიაში საუბარია:
„ერთ ბაზარზე ჩამოკიდება და მითუმეტეს - რუსეთზე, არასწორია“, - ასე უპასუხა სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ დირექტორმა მიხეილ ხიდურელმა BMGTV-ის გადაცემა #რედაქტ2-ში წამყვანის კითხვას - რას აკეთებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებული სსიპ-ი ექსპორტიორი კომპანიების ხელშეწყობისთვის, „მათ შორის რუსეთის ბაზარს მიჩვეული ექსპორტიორების ევროპისკენ გადართვისთვის“.

მიხეილ ხიდურელის შეფასებით, „აწარმოე საქართველოში ‒ ექსპორტის“ პროგრამა აერთიანებს ექსპორტიორი კომპანიისთვის საჭიროებების მთელ ციკლს.

„პირველი რჩევა, რასაც შეხვედრების დროს მეწარმეებს ვაძლევ, ის არის, რომ ერთ ბაზარზე ჩამოკიდება და მითუმეტეს - რუსეთზე, არის არასწორი. „აწარმოე საქართველოს“ ყველა პროგრამა მიმართულია ექსპორტის დივერსიფიკაციის ხელშეწყობისკენ.

„აწარმოე საქართველოში ‒ ექსპორტის“ მიმართულება რამდენიმე ძირითადი კომპონენტისგან შედგება. მათ შორისაა: საერთაშორისო გამოფენებში მონაწილეობა, რაც არის ყველაზე წარმატებული მეთოდი, რომ იპოვო პარტნიორი; მეორე - გვაქვს ექსპორტის მენეჯერთა სასერტიფიკატო კურსი, რომლის მიზანია, ექსპორტიორი ან ექსპორტზე ორიენტირებული კომპანიებისთვის ექსპორტის მენეჯერების მომზადება; ყოველწლიურად, გვყავს ექსპორტის 80 ახალი მენეჯერი, რომელიც პირდაპირპროპორციულად უფრო ეფექტიანი ხდება თავისი კომპანიისთვის. მესამე კომპონენტი კი, არის ექსპორტის ტექნიკური მხარდაჭერის პროგრამა, სადაც კომპანიებს ვუფინანსებთ სერტიფიცირებას, ლიცენზირებას, ბრენდინგს და ხელს ვუწყობთ საერთაშორისო სავაჭრო ქსელში შესვლაში, რაც მოიცავს ე.წ. Entry fee (შესვლის გადასახადი) ან იგივე შინაარსის მქონე საფასურის დაფინანსებას, რომლის მოცულობა 10 000 ევროს ექვივალენტია ლარში.

ჯამში, ამ კომპონენტებით ჩვენ მოვიცავით ექსპორტის მთელი ციკლი. ფაქტობრივად, არ რჩება მიმართულება ყურადღების გარეშე, თუმცა თუ ექსპორტორები ფიქრობენ, რომ კიდევ არსებობს რაიმე სახის მხარდამჭერი მექანიზმის საჭიროება, დიდი სიამოვნებით მოვუსმენთ“, - განაცხადა მიხეილ ხიდურელმა.

საქსტატმა 2022 წლის საგარეო ვაჭრობის ამსახველი სრული ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტის თანახმად, საქართველოს #1 სავაჭრო პარტნიორი არის თურქეთი, რომელთანაც ბრუნვამ 2.8 მილიარდი დოლარი შეადგინა (ზრდა 30%). მეორე ადგილზეა რუსეთი, რომელთან ბრუნვა 52%-ით 2.5 მილიარდამდე გაიზარდა. 79%-ით გაიზარდა იმპორტი და ის რეკორდული 1.83 მილიარდი დოლარი იყო. 6.8%-ით, 651 მილიონ დოლარამდე გაიზარდა საქართველოს ექსპორტი რუსეთში. შესაბამისად, რუსეთის მიერ უკრაინაში დაწყებული ომის მიუხედავად, საქართველომ ოკუპანტ ქვეყანასთან სავაჭრო ეკონომიკური ურთიერთობები გააფართოა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები