„ხილ-ბოსტნეულის ექსპორტიორთა ასოციაციის“ პრეზიდენტის ვახტანგ ბეჟიტაშვილის ევროკავშირთან მეტი ინტეგრაცია ქვეყნისთვის და განსაკუთრებით, ბიზნესისითვის „დამატებითი ჟანგბადი“ იქნება. ამის შესახებ მან BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ სტუმრობისას განაცხადა, სადაც საქართველოდან რუსეთში პროდუქციის ექსპორტის ზრდის რისკებზე ისაუბრა. „ერთ მშვენიერი დღეს ლარსის გამშვებ პუნქტს ისევ დაკეტავენ... მახსოვს, მანდარინის და ვაშლის მთები იდგა“, - დასძინა მან.
- წლების განმავლობაში, რუსეთის იმპერიის მხრიდან ჩაკეტილი ვიყავით და ქვეყანა მიბმული იყო რუსეთს როგორც პოლიტიკურად, ისე - ეკონომიკურად. ახლა, თითქოს ღია ეკონომიკის პირობებში ვართ, მაგრამ სახეზეა რუსეთიდან მხრიდან ეკონომიკური დივერსია - ამას პირდაპირი ვიტყვი. რუსული იაფი ფქვილი და პური კარგია, მაგრამ ამის ხარჯზე ჩვენი ფერმერები და ადგილობრივი ეკონომიკა არ უნდა დაზარალდეს. მზარდია ექსპორტიც, მაგრამ ერთ მშვენიერ დღეს ლარსის გამშვებ პუნქტს ისევ დაგვიკეტავენ. ამის გამოცდილება გვაქვს; მახსოვს მანდარინის და ვაშლის მთები იდგა... ყველაზე დიდი პრობლემა კი არის ის, რომ რუსეთის სტანდარტს მიჩვეული ფერმერი თავის პროდუქციას ვერსად გაყიდის.
- ფერმერმა თუ მსხვილმა ბიზნესმა ცოტა შორს ხომ არ უნდა გაიხედოს, როცა მწარე გამოცდილებაც გვაქვს?
- რა თქმა უნდა. ძალიან კარგია, როდესაც პროდუქციის რეალიზების რამდენიმე ალტერნატივა გაქვს და შეგიძლია, იქ გაყიდო, სადაც უკეთესია და სტაბილურია. ბიზნესს სტაბილურობაზე მეტად არაფერი ახალისებს.
- თუმცა მაინც რისკავს რუსეთთან ვაჭრობას ...
- დიახ, რადგან მიუხედავად არასტაბილურობისა, გარკვეულ მომენტში, რუსეთის ბაზარი მოგების მაღალი მარჟით გამოირჩევა და ცდუნება მაღალია; ბევრი პროდუქცია ისევ იქ მიდის; ამის მიზეზია ისიც, რომ ევროპულ ბაზარს მიჩვეული არ ვართ და არ ვიცით, ევროპული სტაბილურობის გემო.
- რამდენიმე დღეში საქართველო ელოდება ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსს. რას მოუტანს ქვეყანას ევროპასთან კიდევ ერთი ნაბიჯით დაახლოება?
- ქვეყნისთვის და განსაკუთრებით ბიზნესისთვის ეს იქნება დამატებითი ჟანგბადი. მინდა, პოლონეთის მაგალითი მოვყვე - წლების წინ ვიყავი, ვაშლის მწარმოებლებს შევხვდი, რომელთაც უახლესი ტექნოლოგიები ჰქონდათ დანერგილი. ვკითხე: რა მოგცათ ევროკავშირის წევრობამ? მომიყვნენ, რომ ქვეყანამ დიდი რაოდენობით გრანტები მიიღო ევროკავშირის სტანდარტებთან ჰარმონიზებისთვის. საქართველოს სოფლის მეურნეობის პოტენციალი აქვს და თუ ევროკავშირის წევრი გავხდებით, ჩვენი სოფლის მეურნეობაც განვითარდება.
- საქართველოს რას სჭირდება განვითარებისთვის?
- შრომა, განათლება და სწრაფვა ევროპისკენ.
- წერტილი რას უნდა დაესვას საქართველოში?
- ნეპოტიზმი უნდა დასრულდეს. ასევე, სახელმწიფომ მწარმოებლებს და ექსპორტიორებს ზემოდან არ უნდა უყუროს; უნდა გაითავისონ, რომ ხელფასს იღებენ გადასახადების გადამხდელებისგან და შესაბამისად, ადგილობრივი მწარმოებლების და ექსპორტიორების დაკვეთა უნდა შეასრულონ.