საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სტრასბურგში, ევროპარლამენტში სიტყვით გამოდის. მან ყურადღება გაამახვილა მიმდინარე პროტესტზე და აღნიშნა, ეს არის მშვიდობიანი მოძრაობა, რომელიც ახალ არჩევნებს და ევროპული გზის დაბრუნებას ითხოვს.
"გადამწყვეტი დროა, რადგან ზოგიერთ დღეებსა და მომენტებში ვგრძნობთ, თითქოს 1921 წელში ვართ, რომ მოვლენები მეორდება და ეს ალბათ ხსნის სიმამაცეს და მონდომებას, რომლითაც ქართველი ხალხი დღეს რეაგირებს.
საქართველოს პროტესტი ახასიათებდა მაშინ, როდესაც მოსახლეობა გრძნობდა საფრთხეს თავისუფლებასთან, ევროპულობასთან და დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით. საქართველოში არასდროს ყოფილა მასობრივი პროტესტი სოციალურ საკითხებზე, არადა ამის ბევრი მიზეზია. ერთადერთი შემთხვევა, როდესაც ადამიანები მასობრივად გავიდნენ ქუჩაში, ეს იყო მაშინ, როცა გრძნობდნენ, რომ ეგზისტენციალური საკითხი იდო სასწორზე. დღეს ეს ხდება. ეს გახლავთ ძალზე მშვიდობიანი მოძრაობა, მასობრივი სამოქალაქო დაუმორჩილებლობის მოძრაობა და ორ რამეს მოითხოვს - დამიბრუნე ხმა, რადგან მოპარული არჩევნების გამო მოთხოვნაა ახალი არჩევნები და დამიბრუნე ჩემი ევროპული მომავალი. ეს არ გახლავთ რევოლუციური მოძრაობა, თავისი არსით. მოთხოვნაა დავუბრუნდეთ ხელახალ არჩევნებს, მშვიდობიან გარემოში და დავინახოთ სად არის იმ ადამიანების ნება, რომლებიც ქუჩაში გამოვიდნენ და უნდათ, რომ ეს დემოკრატიულად, კენჭისყრის სახით მოხდეს.
იყო მცდელობა წარმოჩენის, რომ სამოქალაქო დაპირისპირებამდე მივდივართ. არის ორი მხარე საქართველოში, ერთ მხარეს არის ქართველი ხალხი, მეორე მხარეს - ერთი პარტიის რეპრესიული აპარატი", - თქვა საქართველოს პრეზიდენტმა.
სალომე ზურაბიშვილის თქმით, მმართველი პარტია რუსული გზის დაკავების მიუხედავად, ჯერ კიდევ თავს აჩვენებს, თითქოს ევროპისკენ სურს სვლა, რადგან მათ მხარდამჭერებშიც კი, არის ხალხი, რომსაც სურს ევროპული გზა.