“ქართული ოცნება” უმაღლესი განათლების რეფორმის გეგმის პირველი ნაწილის შესრულებას ერთ წელიწადში აპირებს.
“შემდეგი სასწავლო წლისთვის უკვე მზად ვიქნებით იმისათვის, რომ გადავიდეთ მე-2 ეტაპზე”- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მისი თქმით, განათლების კონცეფციის სრულად განხორციელებას დაახლოებით 3-4 წელიწადი დასჭირდება. “ქართული ოცნება” საუნივერსიტეტო ინფრასტრუქტურის განვითარებას ქუთაისთან ერთად განიხილავს რუსთავშიც, რაც კობახიძის თქმით, დედაქალაქსაც განტვირთავს. “ოცნების” პრემიერი ამბობს, რომ წინასწარ განისაზღვრება კვოტები, თუ რომელმა ქალაქმა, რამდენი სტუდენტი უნდა მიიღოს. განიხილება ასევე თბილისში ცალკეული უნივერსიტეტების შენობების პრივატიზაციაც.
მთავარი, რასაც "ოცნება" ცვლის არის ის, რომ ერთ სახელმწიფო უნივერსიტეტში მხოლოდ ერთი ფაკულტეტი შეიქმნება, თბილისთან ერთად საუნივერსიტეტო კერა იქმნება ქუთაისშიც. ბაკალავრიატის საფეხურზე სწავლა 4-ის ნაცვლად 3 წლით, მაგისტრატურაზე კი 1 წლით განისაზღვრება.
დაანონსებული უმაღლესი განათლების რეფორმა “საქმის კურსთან” ინტერვიუში თსუ-ს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანმა გიორგი ღაღანიძემ შეაფასა.
“ერთ უნივერსიტეტში ერთი ფაკულტეტი არ ნიშნავს, რომ უნივერსიტეტები ერთფაკულტეტიან სტრუქტურაზე გადადიან. საუბარი გახლავთ იმაზე, რომ როდესაც რამდენიმე სახელმწიფო უნივერსიტეტში არის წარმოდგენილი ერთი და იგივე ტიპის ფაკულტეტი, ეს იწვევს იმ რესურსების, რომლითაც არც თუ ისე მდიდარი ვართ, გაფანტვას და აქედან გამომდინარე, მიზანშეწონილად ჩაითვლება, რომ მოდით, ერთი გარკვეული სპეციალობა იყოს ერთ უნივერსიტეტში, მეორე სპეციალობა იყოს მეორე უნივერსიტეტში.
ეს არ ნიშნავს, რომ ერთი ფაკულტეტია მარტო ამ უნივერსიტეტში. აქ ჩვენ ვდგავართ იმ კლასიკური ამოცანის წინაშე, რომელიც მუდმივად არის ეკონომიკის ფუძემდებლური ამოცანა, შეზღუდული რესურსების პირობებში ეფექტიანი მეურნეობის წარმოება. ამ ეტაპზე ჩაითვალა, რომ ეს იქნება უფრო ეფექტიანი, თუ შეზღუდული რესურსების პირობებში მოხდება კონცენტრაცია.
ასევე, 3+1 იმას კი არ ნიშნავს, რომ ყველა სპეციალობა გახდება სამწლიანი. ეს ნიშნავს, რომ სტანდარტი გაძლევს უფლებას კონკრეტული სპეციალობა იყოს სამწლიანი, ისევე როგორც ეს მოხდა ბიზნესს ადმინისტრირებაზე, როდესაც სტანდარტმა მოგვცა უფლება გვქონდეს სამწლიანი ბიზნესს ადმინისტრირების პროგრამა, თუმცა არავის არ უთქვამს, რომ დაანებეთ თავი ოთხწლიან პროგრამებს. თუ რომელიმე უმაღლესი სასწავლებელი ჩათვლის, რომ მათი პროგრამისთვის ოთხი წელია აუცილებელი, მას ექნება ოთხწლიანი პროგრამა. ზუსტად იგივე მიდგომა გახლავთ ერთწლიან მაგისტრატურაზე.
ეს არის შესაძლებლობა გქონდეს ერთწლიანი სამაგისტრო პროგრამა. თუ ჩაითვლება, რომ 60 კრედიტის ფარგლებში შესაბამისი სამაგისტრო განათლების მიწოდება არის შეუძლებელი, თქვენ შეგიძლიათ აირჩიოთ სხვა მოდელი, აიღოთ 90-კრედიტიანი სამაგისტრო პროგრამა. სულ ეს არის”,-აცხადებს გიორგი ღაღანიძე.
რაც შეეხება უნივერსიტეტების დაფინანსებას, მისი თქმით, ვაუჩერული სისტემა, რომელიც შემოღების მომენტში იყო ძალიან პროგრესული, ვეღარ პასუხობს თანამედროვეობის მოთხოვნას და მისი გადახედვა გამართლებულია.
“შეუძლებელია ერთი და იგივე ვაუჩერით მოვამზადოთ ისტორიის სპეციალისტი, ფილოლოგი, ლინგვისტი, ეკონომიკის სპეციალისტი და სპეციალისტი ფიზიკაში, განსაკუთრებით ექსპერიმენტულში. ეს გამორიცხულია, ამას სხვადასხვა თანხა სჭირდება. შემოღების მომენტში, არაფერი რომ არ იყო, ეს იყო სწორი, მაგრამ დღეს, როდესაც ეს სისტემა შეიძლება შეიცვალოს ე.წ სახელმწიფო დაკვეთის სისტემით, აქ ძალიან ბევრი არის დამოკიდებული, როგორ განვსაზღვრავთ. მე მაგალითად, მესმის სახელმწიფო დაკვეთა, როგორც სახელმწიფოს პასუხისმგებლობა არა მხოლოდ მოამზადოს სპეციალისტი, არამედ უზრუნველყოს ის სამუშაო ადგილით დამთავრების შემდეგ. ამაში სიმართლე გითხრათ, ვერანაირ პოლიტიკურ იარაღს მე ვერ ვხედავ.
მე პირადად მესმის ასე, თუ საყოველთაო ვაუჩერი შეიცვალა სახელმწიფო დაკვეთით, ამის შემდეგ მნიშვნელოვანია განვსაზღვროთ, სახელმწიფო დაკვეთა ვრცელდება მხოლოდ სახელმწიფო უმაღლეს სასწავლებლებზე, თუ სახელმწიფომ ასევე შესაძლებელია კონკრეტული მიმართულებებით კონკრეტული კერძო უმაღლესი სასწავლებლებიც შემოიყვანოს ამ დაკვეთის სისტემაში”,- განაცხადა გიორგი ღაღანიძემ.




























