მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ერთ წელიწადში რუსული ნავთობის ფასი 35%-ით შემცირდა

63c55fdf57de0
გიორგი თოლორდავა
16.01.23 18:40
655
საერთაშორისო ენერგეტიკულ ბირჟაზე ერთწლიან ჭრილში რუსული ნავთობი 35%-ითაა შემცირებული და ამჟამად ბარელი Urals-ის ღირებულება 56 დოლარს შეადგენს. აღსანიშნავია, რომ გასული წლის მარტში Urals-ის ფასი 110 დოლარს აღწევდა, თუკი სწორედ ამ პიკურ პერიოდს შევადარებთ, მაშინ რუსული ნავთობი ბირჟაზე 49%-ითაა გაუფასურებული. 

შედარებისთვის, ბარელი Brent-ის ფასი ამჟამად 85-დოლარიან ნიშნულზეა, WTI კი 79 დოლარად ივაჭრება.

რუსული ნავთობის გაუფასურება პირდაპირ კავშირშია "დიდი შვიდეულის" წევრი სახელმწიფოების მიერ ფასის 60-დოლარიანი ლიმიტის დაწესებასთან და 5 დეკემბრის შემდეგ ევროკავშირში საზღვაო გზით გადაზიდვად ნავთობზე ემბარგოს დაწესებასთან.

აღნიშნული სანქციები იმას გულისხმობს, რომ მოსკოვი ევროკავშირის ბაზარზე ნავთობს ვეღარ გაყიდის, G7-ის წევრ ქვეყნებში კი ბარელ Urals-ზე 60 დოლარზე მეტს ვერავინ გადაიხდის. გასათვალისწინებელია, რომ აშშ-ში, ბრიტანეთში, კანადაში, იაპონიასა და ავსტრალიაში საზღვაო გზით რუსული ნავთობის იმპორტი ისედაც აკრძალულია, შესაბამისად, ფასის ლიმიტის მხოლოდ სიმბოლური მნიშვნელობა აქვს და რუსეთს დასავლეთის ბაზარი ფაქტობრივად ისედაც დაკარგული აქვს.

აქვე გასათვალისწინებელია ისიც, რომ ოფიციალური კრემლი ფასის ლიმიტის დამწესებელ სახელმწიფოებს ნავთობის მიწოდების შეწყვეტითაც ემუქრება, თუმცა ამ მუქარის აღსრულებას ბირჟაზე რეალური გავლენა ვერ ექნება, რადგან G7-ის წევრ ქვეყნებს ისედაც შეწყვეტილი აქვთ Urals-ის იმპორტი.

დასავლური ბაზრების დაკარგვის შემდეგ, რუსეთს ძირითად სავაჭრო პარტნიორებად ჩინეთი, ინდოეთი და თურქეთი რჩება, რომლებიც ბარელ Urals-ში 60 დოლარზე გაცილებით უფრო იაფის გადახდას აპირებენ, კერძოდ, 40 დოლარის ფარგლებში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები