მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ერთი და ორი ადამიანი ბედნიერი ვერ იქნება... ვისურვებდი, დიდ შერიგებას ქვეყანაში|იაგო ბიტარიშვილი

იაგო ბიტარიშვილი

„ვისურვებდი, ყველაზე დიდ შერიგებას ამ ქვეყანაში” - თავისი სურვილი კომპანია „იაგოს ღვინოს“ დამფუძნებელმა იაგო ბიტარიშვილმა BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ გააჟღერა, სადაც ინტერვიუს ერთ-ერთი თემა შეჩერებული ევროინტეგრაციის და პოლიტიკური კრიზისის პირობებში ბიზნესის განწყობა იყო.

„100%-იანი თანხვედრა მიზნებში და ფასეულობებში შეუძლებელია, მაგრამ თუ ქვეყანას დიდი მიზანი აქვს და ერთიანად მიდის მისკენ, გაცილებით უკეთეს შედეგს მივიღებთ როგორც ქვეყნისთვის, ისე თითოეული მოქალაქისთვის... ერთ კარგ მაგალითს მოვიყვან - გახსოვთ, ყველა ბედნიერი იყო, როდესაც საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე გავიდა, ხომ?! ზოგმა შეიძლება ფეხბურთი საერთოდ არ იცოდა, არც ესმოდა... ერთი და ორი ადამიანი ბედნიერი ვერ იქნება; როცა ხედავ, რომ შენ გარშემო ყველა ბედნიერია, მერე შენც გამოგდის ბედნიერება“, - ამბობს მეღვინე.

იაგო ბიტარიშვილმა „წერტილთან“ ინტერვიუში ევროპული არჩევანის მნიშვნელობაზე ვრცლად ისაუბრა და არაერთხელ გაუსვა ხაზი, რომ სწორედ თავისუფლება და შერიგება უნდა გახდეს საქართველოს განვითარების საძირკველი.

„[ფეხბურთში] ევროპაზე გასვლაც იმიტომ გვიხაროდა, რომ ვფიქრობ, ამ ფაქტსაც სიმბოლური მნიშვნელობა ჰქონდა... ვნახეთ კიდევაც, რომ თამაშებზე ნახევარი საქართველო ჩადიოდა... ჩვენი კულტურა, ფასეულობები და ღირებულება ძალიან ახლოს არის ევროპასთან; საქართველო უკვე არის ევროპული კულტურის ქვეყანა, ძალიან ბევრი რამე შეიცვალა საბჭოთა პერიოდის შემდეგ - ჩვენ თვითონაც შევიცვალეთ, მეც მათ შორის, რომელიც საბჭოთა ეპოქაში ნაცხოვრები ადამიანი ვარ, შევიცვალე... დარწმუნებული ვარ, პროგრესი, კარგი სიბერე და პენსიონრობა არის მხოლოდ ისეთ ქვეყნებში, სადაც არის მეტი თავისუფლება, მეტი დემოკრატია და ასეთი ქვეყნები, დღესდღეობით, მსოფლიოში სწორედ დასავლეთის ქვეყნებია“, - აღნიშნა მან.

„საქმის კეთების ხალისი არაა ქვეყანაში... გარშემო ყველას ეს განწყობა აქვს“ - იაგო ბიტარიშვილს წლის დასაწყისში ასევე „წერტილთან“ ინტერვიუში ნათქვამი სიტყვები შევახსენეთ და ვკითხეთ - ახლა როგორი განწყობაა კერძო სექტორში.

„ზოგადად, განწყობა ნებისმიერ ბიზნესზე მოქმედებს... თუ არ გაქვს პოზიტიური განწყობა მომავლისადმი, ინვესტიციას ძნელად თუ ჩადებ; რომ ვთქვათ, ახლა ყველაფერი კარგად არის, ნამდვილად ასე არაა, სამწუხაროდ, თუმცა, არის საქმეები, რომელსაც ვერ უღალატებ და ვერ გააჩერებ, რადგან მთელი ცხოვრება მიუძღვენი - თან ჩვენ ისეთი საქმეს გვაქვს, რომელიც 8000 წლის განმავლობაში შემოინახა ამ ქვეყანამ“, - თქვა „იაგოს ღვინოს“ დამფუძნებელმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები