სპეციალური პენიტენციური სამსახური მსჯავრდებულთა კვებისთვის ჯამში ₾201,5-მილიონიან ორ ტენდერს აცხადებს. ელექტრონული ტენდერების თანახმად, შესყიდვა ეხება ჯამში 14 პენიტენციურ დაწესებულებებში პენიტენციურ დაწესებულებებში მოთავსებულ ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა და პენიტენციური სამსახურის მოსამსახურეთა კვებით მომსახურებას. შესყიდვების სავარაუდო ღირებულება კი 49 126 502 და 152 393 003 ლარია.
სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, კვებითი მომსახურება უნდა განხორციელდეს უწყვეტად 2026 წლის 11 მაისიდან 1096 დღის განმავლობაში, ანუ სამი წლის განმავლობაში.
“მიმწოდებელმა უნდა განახორციელოს საჭირო რაოდენობის ულუფის მომზადება და შემსყიდველის მხრიდან უფლებამოსილ პირზე გადაცემა შესაბამისი დოკუმენტაციის თანხლებით”, - წერია სატენდერო განაცხადში.
14-ვე პენიტენციურ დაწესებულებაში სავარაუდო ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა რაოდენობად მითითებულია 11 800 ადამიანი. ტენდერის მიხედვით გათვალისწინებულია მათთვის სამჯერადი კვების უზრუნველყოფა. თითოეულისთვის განსაზღვრულია 13.41 ლარი.
ტენდერი ასევე ითვალისწინებს, მომსახურე პერსონალის კვებით უზრუნველყოფასაც.


ასევე, სატენდერო დოკუმენტაციის თანახმად, მიმწოდებელმა კვებითი მომსახურების გაწევისას თითოეულ პენიტენციურ დაწესებულებაში მუდმივად არანაკლებ 5 ბრალდებული/მსჯავრდებული უნდა დაასაქმოს, დასაქმების მსურველი ბრალდებულის/მსჯავრდებულის არსებობის შემთხვევაში. თითოეული დასაქმებულის შრომის ანაზღაურება უნდა იყოს თვეში არანაკლებ 800 ლარი.
გარდა ამისა, სატენდერო განაცხადში აღნიშნულია, რომ მიმწოდებელმა წელიწადში ერთხელ აღდგომის დღესასწაულისათვის უნდა უზრუნველყოს თითოეული ბრალდებულის/მსჯავრდებულისათვის და სამსახურის მოსამსახურეთათვის 1 ცალი სააღდგომო პასკის მიწოდება.
ასევე, შემსყიდველის წინასწარი შეტყობინების საფუძველზე მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს პენიტენციურ დაწესებულებებში არსებულ არასრულწლოვან ბრალდებულთათვის/მსჯავრდებულთათვის სადღესასწაულო (დაბადების დღის აღსანიშნავი) ნამცხვრის მიწოდება, მათზე გადასაცემად.
მსჯავრდებულთა კვების ტენდერი 3 აპრილს გამოცხადდა. წინადადებების მიღება 29 აპრილს დაიწყება და 4 მაისს დასრულდება.
ტენდერში მონაწილე პრეტენდენტს 2023, 2024, 2025 და 2026 წლებში უნდა გააჩნდეს მრავალფეროვანი კერძებით უზრუნველყოფილი კვების მომსახურების გაწევის გამოცდილება (მომსახურების სფეროები: რესტორანი, სწრაფი კვების ობიექტი, სასადილო ან მსგავსი ტიპის ობიექტები, ქეითერინგ სერვისი, საკვებით მობილური მომსახურება) 5 მილიონი ლარის ოდენობით.



























