მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოში უამრავი პროექტია და ნამდვილად არ გვაქვს შესაძლებლობა ქვეყნიდან გავიდეთ - „ინსი“

ზვიად თოიძე

„დღეს საქართველოში უამრავი პროექტი ხორციელდება როგორც საერთაშორისო დონორების, ისე ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით და ნამდვილად არ გვაქვს ახლა იმის შესაძლებლობა, რომ ქვეყნიდან გავიდეთ“, - ამის შესახებ bm.ge-სთან სამშენებლო კომპანია „ინსის“ გენერალურმა დირექტორმა ზვიად თოიძემ განაცხადა.

ის გამოეხმაურა კომპანია „რეფორმას“ გენერალურ დირექტორ გეგი ქელბაქიანის განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ მშენებლობის სექტორში აღმასვლა სულ არ იქნება, ამიტომ ბიზნესმა მოსალოდნელ გამოწვევებზე საპასუხოდ ფიქრი დღეს უნდა დაიწყოს.

„ძირითადი ინფრასტრუქტურული პროექტების მშენებლობაც ნელ-ნელა დასრულდება და ასეთი აქტიური ვერ იქნება და აქ არის მთავარი კითხვა - ხვალ რა უნდა აკეთონ სამშენებლო კომპანიებმა?! რა პერსპექტივები გვაქვს?! რამდენად ვემზადებით ხვალინდელი დღისთვის?! თუ გვინდა, საქართველოს პატარა ბაზარზე ჩავიკეტოთ და კონკურენცია ისე გაიზარდოს, რომ მოგება არავის დაგვრჩეს?!  ამდენად, სამშენებლო სექტორმა უნდა ვიმუშაოთ იმაზე, როგორ შევიდეთ ევროპის და შუა აზიის ბაზრებზე“, - განაცხადა გეგი ქელბაქიანმა.

ზვიად თოიძე განმარტავს, რომ განვითარებად ქვეყნებში ქართულ კომპანიებს ადგილობრივ კომპანიებთან შედარებით უპირატესობა აქვთ, თუმცა რაც შეეხება ევროკავშირის ქვეყნების ბაზარს, მისი შეფასებით, ევროპულ კომპანიებთან კონკურენცია ქართულ სამშენებლო ბიზნესს ძალიან გაუჭირდება.

„პირობითად, 7-10 წლის მერე თუ იმდენი პროექტი აღარ იქნება საქართველოში ან დასასრულისკენ იქნება პროექტები, მაშინ შეიძლება ვიფიქროთ განვითარებად თუ განვითარებულ ქვეყნებში წასვლაზე, მაგრამ ყველაფერს თავისი სიძნელეები აქვს. ჩვენ განვითარებადი ქვეყნებისთვის გვაქვს გარკვეული გამოცდილება, რადგან ზოგ შემთხვევაში საერთაშორისო დონორები ახალი შესულები არიან  იქ და ადგილობრივ კომპანიებს არ აქვთ მათთან მუშაობის გამოცდილება.

მათთან შედარებით ჩვენ პრივილეგია გვაქვს, როგორც მაგალითად ევროპულ კომპანიებს, რომლებიც საქართველოში შემოდიოდნენ თავის დროზე და ახლაც შემოდიან, გარკვეული უპირატესობა ჰქონდათ ჩვენთან შედარებით. ასეთ განვითარებად ქვეყნებშიც არის თავისი პრობლემები, ეს შეიძლება იყოს პოლიტიკური ვითარება, შესასწავლია ასევე რამდენად არის კადრები დეფიციტური, რა ტიპის მატერიალურ-ტექნიკური ბაზები არსებობს და ა.შ.

გვქონია რამდენიმე შემთხვევა, როცა რეგიონის ქვეყნებში გვიფიქრია შესვლაზე, თუმცა თავი შევიკავეთ. იყო შემოთავაზებაც, თუმცა თავი შევიკავეთ, რადგან ბევრ პროექტს ვახორციელებთ საქართველოში და უბრალოდ ვერ მოვიცლით. რაც შევისწავლეთ, ყველა ქვეყანას აქვს თავისი პლუსები და მინუსები, თავისი რისკები და ეს კარგად ასაწონ-დასაწონია“, - აცხადებს bm.ge-სთან ინტერვიუში ზვიად თოიძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები