საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ერთიანი ევრო გადახდების სივრცეში (Single Euro Payment Area – SEPA) საქართველოს გაწევრიანების განაცხადი ოფიციალურად შარშან, სექტემბერში წარადგინა. SEPA პროექტის მიზანია, ევროპის მასშტაბით, ევროს ელექტრონული გადახდების ჰარმონიზაცია და გადახდების ერთიანი და სტანდარტიზებული სისტემის შექმნა. ის აუქმებს ტექნიკურ, სამართლებრივ და საბაზრო ბარიერებს მონაწილე ქვეყნებს შორის და მომხმარებლებს და ბიზნესს საშუალებას აძლევს ევროში ელექტრონული გადახდები განახორციელონ ერთი და იმავე ძირითადი პირობებით და ერთსა და იმავე უფლებებისა და პასუხისმგებლობების შესაბამისად, მიუხედავად იმისა, თუ რომელ წევრ ქვეყანაში იმყოფებიან ისინი.
BM.ge დაინტერესდა, გაწევრიანების თაობაზე აპლიკაციის შევსებიდან თითქმის ერთი წლის თავზე რა პროგრესი აქვს ქვეყანას და დაახლოებით, რა დროში გახდება საქართველო SEPA-ს წევრი.
როგორც ჩვენი კითხვების პასუხად ეროვნული ბანკიდან მოგვწერეს, პირველ ეტაპზე მარეგულირებელმა ყველა საჭირო დოკუმენტაცია წარადგინა, რის შემდეგაც საქართველოს დამატებითი ინფორმაციის, მათ შორის ევროკავშირის დირექტივებთან შესაბამისობის ცხრილების განსხვავებულ ფორმატში წარდგენა მოეთხოვა, რაც ასევე გაგზავნილია.
„როგორც ცნობილია, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა SEPA-ში გაწევრიანების განაცხადი 2022 წლის სექტემბერში წარადგინა, რასაც წინ უძღოდა ინტენსიური სამუშაო პროცესი როგორც ევროკავშირის კანონმდებლობასთან აპროქსიმაციის, ისე აპლიკაციის სრულყოფილად შევსების მიმართულებით. კერძოდ, გასულ წელს განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებებით საქართველოს საბანკო და საგადახდო კანონმდებლობა სრულ შესაბამისობაში მოვიდა ევროკავშირის შესაბამის დირექტივებთან. ამასთან, დარეგულირდა ვირტუალური აქტივების მომსახურების პროვაიდერების საქმიანობა, რაც ასევე განაცხადის წარდგენის წინაპირობას წარმოადგენდა.
რაც შეეხება თავად საქართველოს გაწევრიანების თაობაზე მომზადებულ აპლიკაციას, ეს გახლდათ ასობით გვერდზე წარმოდგენილი დეტალური ინფორმაცია, რომლითაც დასაბუთდა საქართველოს მარეგულირებელი გარემოს ეკვივალენტურობა ევროკავშირის კანონმდებლობასთან ისეთი მიმართულებებით, როგორებიცაა საგადახდო, საბანკო, ფულის გათეთრების, კონკურენციისა და პერსონალური მონაცემების დაცვის კანონმდებლობა და სხვ.
აღსანიშნავია, რომ სამუშაო პროცესი არც აპლიკაციის წარდგენის შემდგომ შეჩერებულა, რამდენადაც საქართველოს მოეთხოვა დამატებითი ინფორმაციის, მათ შორის ევროკავშირის დირექტივებთან შესაბამისობის ცხრილების განსხვავებულ ფორმატში წარდგენა. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მოთხოვნილი ინფორმაცია და დოკუმენტაცია უმოკლეს ვადებში სრულად წარუდგინა ევროპულ მხარეს“, - მოგვწერეს სებ-იდან.
მისივე ინფორმაციით, მართალია, საქართველოს კანონმდებლობა უმეტესწილად შესაბამისია ევროკავშირის ფულის გათეთრების დირექტივასთან, მაგრამ საქართველოსგან მოითხოვეს ევროკავშირის მეოთხე (2015/849) დირექტივის („ფულის გათეთრების და ტერორიზმის დაფინანსების მიზნებისთვის ფინანსური სისტემის გამოყენების აღკვეთის თაობაზე“) ყველა პუნქტის აბსოლუტური შესრულება ზუსტად იმ სტანდარტით, როგორც ევროკავშირის ქვეყნებშია.
„რამდენიმე საკითხი კომპლექსურია და მხოლოდ ერთი უწყების კომპეტენციაში არ ვარდება, ამიტომაც ამჟამად მიმდინარეობს პასუხისმგებელი უწყებების განსაზღვრისა და სამოქმედო გეგმის შემუშავების მიზნით კომუნიკაცია“, - ამბობენ სებ-ში.
რაც შეეხება SEPA-ში გაწევრიანების თაობაზე საქართველოს განაცხადის განხილვის ვადებს, ეროვნულ ბანკში განმარტავენ, რომ ამჟამად განაცხადი ევროპული გადახდების საბჭოს მიერ კვლავ განხილვის პროცესშია და გადაწყვეტილების მიღების ვადები განსაზღვრული არაა.
„რაც შეეხება განხილვის პროცესის ვადას და იმას, თუ როდის იქნება საბოლოო პასუხი - საქართველო ევროკავშირის არაწევრი პირველი ქვეყანაა, რომელმაც SEPA - ში გაწევრიანება მოითხოვა. შესაბამისად, ევროპულ უწყებებს გარკვეული დრო დასჭირდათ აპლიკაციის ანალიზისა და შესაბამისი პროცედურების წარმართვისათვის. გასათვალისწინებელია ისიც, რომ გადაწყვეტილების მიღების ვადები განსაზღვრული არაა. როგორც აღვნიშნეთ, საქართველოს დამატებით რამდენიმე საკითხის შესრულება მოეთხოვა, რომლის შესრულების შემდგომ ცნობილი გახდება საბოლოო გადაწყვეტილების შესახებ“, - აცხადებენ საქართველოს ეროვნულ ბანკში, სადაც ასევე აღნიშნავენ, რომ SEPA-ში გაწევრიანება უმნიშვნელოვანესი ნაბიჯია საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე, რადგან ის საშუალებას მოგვცემს ევროში გადარიცხვები განხორციელდეს ისე, როგორც ეს ევროკავშირის მასშტაბით ხდება.
ამავე თემაზე: