სოფლის განვითარების სააგენტოს ინფორმაციით, ერთწლოვანი კულტურების მოყვანის ხელშეწყობისთვის სახელმწიფო პროექტის ფარგლებში 22 მარტიდან დღემდე, 26 664 327 ლარის ღირებულების 1 374 სესხია გაცემული.
სააგენტო “შეღავათიანი აგროკრედიტის“ პროექტის ქვეკომპონენტის ფარგლებში გაცემული სესხის 12 თვის პროცენტის თანადაფინანსებას ახორციელებს, წლიური 9%-ის ოდენობით. სესხის წლიური საპროცენტო განაკვეთის მაქსიმალური ოდენობა 18%-ით არის დადგენილი. პროექტის ფარგლებში ერთ ბენეფიციარზე გაცემული სესხის თანხა განსაზღვრულია 5 000 ლარიდან 100 000 ლარის ჩათვლით.
სააგენტოს ცნობითვე, ქვეკომპონენტის ფარგლებში გაცემული სესხის მიზნობრიობა მოიცავს, ერთწლოვანი კულტურების სათესი და სარგავი მასალის პესტიციდების, ორგანული და მინერალური სასუქების, მცენარეთა დაცვის ბიოლოგიური საშუალებების მიმდინარე ხარჯების, ერთწლოვანი კულტურებისთვის შრომითი რესურსებისა და სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის დაქირავების სამუშაოების, გამოყენებული ტექნიკის საწვავ-საცხები მასალების მიმდინარე ხარჯების დაფინანსებას.
პროექტით სარგებლობა შეუძლიათ საქართველოს მოქალაქე ფიზიკურ პირებს, კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტრირებულ ინდივიდუალურ მეწარმეებსა და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტრირებულ იურიდიულ პირებს (გარდა სახელმწიფო/მუნიციპალური საწარმოებისა). ქვეკომპონენტის ფარგლებში, საფინანსო ინსტიტუტები სესხებს 2022 წლის 31 ოქტომბრის ჩათვლით გასცემენ.




























