მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რამდენი მლნ სჭირდება „შეღავათიანი აგროკრედიტის“ ბენეფიციარების სუბსიდირებას 2024-2029 წლებში?

სოფელი

"შეღავათიანი აგროკრედიტის პროგრამის“ ფარგლებში უკვე გაცემული სესხების თანადაფინანსებისთვის 2024-2029 წლებში სახელმწიფო ბიუჯეტიდან 408,904,700 ლარი და 3 881 დოლარი იქნება გადასახდელი.

აღნიშნული ინფორმაცია bm.ge-მ სოფლის განვითარების სააგენტოდან გამოითხოვა.

“შეღავათიანი აგროკრედიტის პროგრამით“, რომლითაც სახელმწიფო ფიზიკურ და იურიდიულ პირებს, სესხის პროცენტის თანადაფინანსების გზით, იაფ ფინანსურ რესურსებზე წვდომას სთავაზობს, 2013-2023 წლებში 6 მილიარდ ლარზე მეტის (5,992,122,690 ლარი და 879,005,435 დოლარი) სესხია გაცემული, რომელთა თანადაფინანსებისთვის უკვე 879 მლნ ლარია გადახდილი.

10 წლის განმავლობაში, საფინანსო ინსტიტუტებმა სესხი 58 448 ფიზიკურ პირს და 24 364 იურიდიულ პირს მისცეს. სოფლის განვითარების სააგენტოს მონაცემებითვე, „შეღავათიანი აგროკრედიტის პროგრამას“ ყველაზე მეტი ბენეფიციარი კახეთში ჰყავს - ფაქტობრივად, 6 მილიარდი ლარიდან 3 მილიარდით სწორედ კახეთი დაკრედიტდა. შემდეგ მოდის შიდა ქართლი, მერე - ქვემო ქართლი. ხუთეულშია სამეგრელო და თბილისი.

აღსანიშნავია, რომ შეღავათიან აგროკრედიტს გასცემენ პროექტში ჩართული ბანკები და საფინანსო ორგანიზაციები და სოფლის განვითარების სააგენტო საკრედიტო განაცხადის დამუშავების და კრედიტის გაცემის პროცესში არ მონაწილეობს და მხოლოდ სესხის დამტკიცების შემდეგ ერთვება ბენეფიციარისთვის კრედიტის პროცენტის თანადაფინანსებაში.

სოფლის განვითარების სააგენტოს ასევე ვთხოვეთ, მოეწოდებინათ პროგრამის ბენეფიციარი იმ ფიზიკური პირების ან კომპანიების სია, რომლებმაც სესხი აიღეს, სახელმწიფო ასუბსიდირებდა გარკვეული პერიოდი, მაგრამ შემდეგ კომპანიამ ვერ შეასრულა პირობები და შესაბამისად, ბიუჯეტიდანაც შეუწყდათ თანადაფინანსება. სამინისტრომ აღნიშნული ინფორმაცია იმ მოტივით არ მოგვაწოდა, რომ ის კომერციული საიდუმლოებაა.

„შეღავათიანი აგროკრედიტის პროგრამისთვის“ 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში 200 მილიონი ლარია გათვალისწინებული, საიდანც ნაწილი - ახალი კრედიტების გაცემას, ნაწილი კი - არსებულების თანადაფინანსებას მოხმარდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები