საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლისთვის საჭირო სცენის მოწყობის ხელის შეშლის ფაქტს ეხმაურება. როგორც საიას განცხადებაშია აღნიშნული, ეს არღვევს შეკრების უფლების კონსტიტუციურ გარანტიებს და ადასტურებს, რომ საპოლიციო ძალები ატარებენ პარტიულ ინტერესებს.
"ვრცელდება ინფორმაცია, რომ 22 დეკემბრის საღამოს აქციისთვის, რომელზეც საქართველოს პრეზიდენტმა საზოგადოებას სიტყვით უნდა მიმართოს, სცენის მოსაწყობად საჭირო ატრიბუტიკის გადამზიდ მანქანებს პოლიცია დაბრკოლებებს უქმნის, რაც მიზნად ისახავს დაგეგმილი აქტივობის ხელშეშლას/ჩაშლას.
ეს უკანონო პრაქტიკა არღვევს შეკრების უფლების კონსტიტუციურ გარანტიებს და ადასტურებს, რომ საპოლიციო ძალები ატარებენ პარტიულ ინტერესებს.
კონსტიტუციური ჩარჩო, რომელიც სამართალდამცავ უწყებებს ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიული ინსტიტუტებისადმი პატივისცემას ავალდებულებს, პრაქტიკაში არ სრულდება", - წერია საიას განცხადებაში.
ცნობისთვის, დღეს 21:00 საათზე პრეზიდენტი რუსთაველზე, პარლამენტის წინ პროევროპული აქციის მონაწილეების წინაშე სიტყვით გამოსვლას გეგმავს, რისთვისაც მზადდებოდა სცენა. მაგრამ გავრცელებული ცნობებით, სცენა გაიტაცეს.
"სატვირთო მანქანა გაიტაცეს რუსთაველზე ასაწყობი სცენით და დინამიკებით. წარმოუდგენელი ისტერიკა აქვთ ქოცებს. დღეს ბევრნი უნდა ვიყოთ". - წერს სოციალურ ქსელში ძლიერი საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი კუპრაძე.