"ნამდვილად სირცხვილი იქნება, თუ ევროპული საბჭოს განხილვების შემდეგ, მსგავს პროექტებს ვეღარ დავაფინანსებთ" - ამის შესახებ ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროგრამა "განათლება დასაქმებისთვის" შედეგების პრეზენტაციაზე ნიკოლას სენდროვიჩმა, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის განვითარების და თანამშრომლობის ხელმძღვანელმა ისაუბრა.
ნიკოლას სენდროვიჩმა ხაზი გაუსვა პროგრამის წარმატებას და აღნიშნა, რომ ევროკავშირის დაფინანსებით საქართველოში, დაახლოებით 1700 ადამიანი დასაქმდა, სხვადასხვა ტრენინგს კი 3500-ზე მეტი ადამიანი დაესწრო. ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების გამო, პროგრამის მომავალი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.
"ამჟამად, როგორც ევროპულმა საბჭომ განაცხადა, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი შეჩერებულია, რაც ნიშნავს, რომ საბჭო გადახედავს ყველა ტიპის დახმარებას, რათა ვნახოთ, რას ვაკეთებთ. პროცესი კვლავ მიმდინარეობს და ნამდვილად სირცხვილი იქნება, თუ ამ განხილვის შედეგად, რაც ქვეყანაში მოვლენების ძალიან სამწუხარო განვითარების შედეგი იქნება, მსგავს პროექტებს ვეღარ დავაფინანსებთ", - აღნიშნავს ნიკოლას სენდროვიჩი.
ჟურნალისტის შესაბამისი კითხვის საპასუხოდ სენდროვიჩმა ასევე აღნიშნა, რომ ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძისთვის მოწვევის გაუქმება აჩვენებს, თუ რა დამოკიდებულება აქვთ დასავლელ პარტნიორებს საქართველოში გავრცელებული რიტორიკისადმი. მისივე თქმით, გავრცელებული დეზინფორმაციის გამო მაღალი რანგის დიპლომატები საქართველოში ჩამოსვლისგანაც შეიკავებენ თავს.
"ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ ორგანიზებული წვეულების სტუმრების სიაზე კომენტარს ვერ გავაკეთებ, თუმცა ვიტყოდი, რომ შეერთებული შტატები ჩვენი ამერიკელი პარტნიორები, ასევე ჩვენც, შეშფოთებულები ვართ არა მხოლოდ ქვეყანაში განვითარებული მოვლენებით, არამედ რიტორიკით, რომელიც აქ ვრცელდება - ეს არ არის რიტორიკა, რომელსაც მეგობარი ქვეყნისგან ველით, რადგან დეზინფორმაციითაა სავსე. მაგალითად, თითქოს ევროკავშირი ტერორისტულ ორგანიზაციებს აფინანსებს, ასეც გვსმენია.
ამ ქმედებებსა და სიტყვებს თავისი შედეგიც აქვს, როგორც შეამჩნიეთ, ევროკავშირიდან მაღალი დონის ვიზიტორები ამ ღონისძიებაზეც არ არიან - ეს ყველაფერი აჩვენებს, რა დამოკიდებულება აქვს აშშ-სა და ევროკავშირს საქართველოში განვითარებული მოვლენებისადმი", - განაცხადა ნიკოლას სენდროვიჩმა.
25 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ ნიუ-იორკში, ჯო ბაიდენის მიღებაზე ირაკლი კობახიძის მიწვევა გაუქმდა. პრეზიდენტის მიღებაზე მიწვეულთა სიაში, თავდაპირველად, ირაკლი კობახიძე ხვდებოდა, რომელიც გაეროს გენერალურ ასამბლეაზე საქართველოს დელეგაციას ხელმძღვანელობს, თუმცა ბაიდენის ადმინისტრაციამ მიწვევა გააუქმა - ინფორმაცია ქართულმა მხარემაც დაადასტურა.