მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ეს არ ნიშნავს თავისუფალი ბაზრის პრინციპებში ჩარევას" - თურნავა კობახიძის ფასებთან დაკავშირებულ განცხადებაზე

თურნავა

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, ნათია თურნავას განცხადებით, "ოცნების" მთავრობაში პრემიერ-მინისტრის ინიციატივა ფასების მონიტორინგთან დაკავშირებით მნიშვნელოვანია და ხელს შეუწყობს ქვეყანაში დაბალინფლაციური გარემოს შენარჩუნებასა და ფასების სტაბილურობის გაძლიერებას - ამის შესახებ თურნავამ საზოგადოებრივ მაუწყებელთან განაცხადა.

მისი თქმით, ინიციატივა მიმართულია საცალო ვაჭრობის სფეროში ფასწარმოქმნის პროცესის უფრო გამჭვირვალე, ლოგიკური და პრევენციული მიდგომებისკენ, რათა არ დაირღვეს სამართლიანი კონკურენციის პირობები და მომხმარებელთა ინტერესები უკეთ იყოს დაცული.

როგორც ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა აღნიშნა, ფასების სტაბილურობის უზრუნველყოფა ეროვნული ბანკის მანდატია, რომლის ძირითადი ბერკეტი მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის მართვაა. ამ მექანიზმით, ეროვნული ბანკი ინფლაციაზე ზემოქმედებას ახდენს და მიზნად ისახავს, საშუალოვადიან პერიოდში ინფლაცია მიზნობრივ მაჩვენებელთან ახლოს შეინარჩუნოს.

ამასთან, თურნავას განცხადებით, მხოლოდ საპროცენტო განაკვეთის ინსტრუმენტით ფასების სტაბილურობის უზრუნველყოფა შესაძლოა გართულდეს იმ შემთხვევაში, თუ მცირე ზომის ეკონომიკის სხვადასხვა სეგმენტში კონკურენციის პრინციპები ირღვევა.

„ქვეყანაში ფასების სტაბილურობის შენარჩუნება ეს ეროვნული ბანკის საზრუნავია, ჩვენ ამისთვის კონკრეტული ბერკეტი გაგვაჩნია და ეს არის საპროცენტო განაკვეთი. აღნიშნულის მართვით კი, ვცდილობთ ზეგავლენა მოვახდინოთ ინფლაციაზე და საშუალოვადიან პერიოდში ინფლაცია მიზნობრივის ირგვლივ ვიქონიოთ.

როგორიც არ უნდა იყოს ეროვნული ბანკის საპროცენტო განაკვეთთან დაკავშირებული პოლიტიკა მხოლოდ ამ ბერკეტით შესაძლოა გაჭირდეს ფასების სტაბილურობის შენარჩუნება თუკი ჩვენი მცირე ზომის ეკონომიკის სხვადასხვა სეგმენტში კონკურენცია დაირღვევა. ჩვენ დარწმუნებული ვართ ეს ინიციატივა მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ინფლაციური მოლოდინების უკეთ მართვასა და დაბალინფლაციური გარემოს შენარჩუნებაში. ეს არის სრულ შესაბამისობაში საერთაშორისო პრაქტიკასთან, არსებობს შესაბამისი დირექტივები. ეს არ ნიშნავს თავისუფალი ბაზრის პრინციპებში ჩარევას. მთავრობის ვალდებულებაა, რომ იქ სადაც არსებობს ეჭვი სამართლიანი კონკურენციის დარღვევის, კარტერული გარიგებებისა, თუ არალოგიკური ფასნამატების მიმართულებით, – აუცილებელია ქმედება“, – აცხადებს ნათია თურნავა.

ცნობისთვის, "ოცნების მთავრობაში" პრემიერ-მინისტრის განცხადებით, საქართველოში სურსათის ფასები ევროპის ქვეყნებთან შედარებით მნიშვნელოვნად მაღალია, რაც სადისტრიბუციო კომპანიებისა და საცალო ქსელების მაღალი ფასნამატით არის გამოწვეული. რაკლი კობახიძემ სადისტრიბუციო კომპანიებთან და მარკეტებთან აქტიური მუშაობა დააანონსა; სამართალდამცავ უწყებებს ბაზრის მოთამაშეების მხრიდან სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნების აღმოფხვრის მიზნით, საკითხის სიღრმისეული შესწავლა დაავალა. აღნიშნა, რომ საჭიროების შემთხვევაში საჭიროების შემთხვევაში, ანტიმონოპოლიურ მექანიზმებსაც გამოვიყენებთ. პარლამენტს კი საკითხის შესაფასებლად შესაბამისი საპარლამენტო ბერკეტების გამოყენების მიზნით საპარლამენტო კომისიის შექმნის თხოვნით მიმართა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები