"ზეწოლაა, როდესაც მე მომიწოდებენ გადადგომისკენ. რის გამო უნდა გადავდგე?!" - ასე უპასუხა ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ TV "იმედის" ეთერიდან პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მოწოდებას.
ნათია თურნავა ირწმუნება, რომ ბრძანება, რომელიც საქართველოს მოქალაქეებისთვის სანქციების აღსრულების საგამონაკლისო წესს ადგენს, საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისია და მიზანი „საქართველოს მოქალაქეების დაცვაა“.
გარდა ამისა, სებ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ამტკიცებს, რომ საგამონაკლისო ბრძანების გამოცემისას მასზე მმართველი ძალისგან ზეწოლას ადგილი არ ჰქონია და გადაწყვეტილება დამოუკიდებლად მიიღო. ნათია თურნავამ მასზე ზეწოლის ნიშნები უფრო სალომე ზურაბიშვილის მოწოდებაში დაინახა.
„მოვისმინე <საქართველოს პრეზიდენტისგან>, რომ თითქოს არ გავამართლე იმედები. მინდა, ვთქვა, რომ ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, გავამართლო საზოგადოების იმედები ფასების და ფინანსურ სტაბილურობასთან დაკავშირებით. ეს არის ჩემთვის ყველაზე მაღალი რანგის ამოცანა და საზომი, რითაც საკუთარ წარმატება-წარუმატებლობას გავზომავ.
ძალიან სამწუხაროა, მოვისმინო, მაღალი რანგის თანამდებობის პირისგან <პრეზიდენტისგან> ეროვნული ბანკის საბჭოზე ზეწოლის კლასიკური ნიმუში - „გადადექი“, „გადააყენეთ პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი“... როდესაც გიხარია, რომ აი, უკვე სებ-ის საბჭოს სამი წევრი გადადგა და ახლა ყველაფერი ჩამოიშლება, ალბათ კონსტიტუციას სხვადასხვანაირად ვკითხულობთ.
ჩვენი მოქალაქეებისთვის ნათელია, საიდან არის ზეწოლა - ზეწოლა არის, როდესაც გარედან არის ხელშეშლა მუშაობაში; ზეწოლა არის, როდესაც მოგიწოდებენ შენი კონსტიტუციური უფლებამოსილება არ აღასრულო და გააუქმო გადაწყვეტილება, რომელიც საქართველოს მოსახლეობას იცავს, იმიტომ რომ, ვიღაცის პოლიტიკურ გემოვნებაში არ ჯდება... ზეწოლაა, როდესაც საბჭოს წევრებს მოუწოდებენ, მოდი, შეცვალე, ხელმძღვანელი; ზეწოლაა, როდესაც მე მომიწოდებენ გადადომისკენ. რის გამო უნდა გადავდგე?! - საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისი გადაწყვეტილება რომ მივიღე და ჩვენი მოქალაქები, ამიერიდან, უფრო დაცულები რომ იქნებიან თუნდაც საერთაშორისო სანქციების რეჟიმების ზემოქმედების დროს, ამის გამო?! ეს არის კლასიკური ზეწოლა...
რაც შეეხება იმას, რომ ამ გადაწყვეტილების მიღების დროს ჩემზე ვინმემ მოახდინა ზეწოლა, მინდა, გითხრათ, რომ ჩემზე ზეწოლის მოხდენა, მარტივი არაა. ეს იყო ჩემი დისკრეცია. მართალია, იურისტების გუნდთან ერთად ვმუშაობდით და ეს არ მომხდარა 1 საათში, თუმცა სწრაფად მოხდა რეაგირება სანქციების მიღების მომენტიდან მათი აღსრულების ახალი წესის შემოთავაზებამდე. ჩვენ ვეძებდით სწორ ფორმას, ვფიქრობდით, ხომ არ ყოფილიყო ეს ბანკებისთვის მითითების ფორმა... შემდეგ შევჯერდით, რომ ამ წესშივე ცვლილების შეტანა უფრო გასაგები იქნებოდა...
რა თქმა უნდა, ჩემთვის ირაკლი კობახიძის განცხადება ძალიან საყურადღებო იყო, რადგან ის პროფესიონალი იურისტია, მაგრამ ამ შემთხვევაში გადაწყვეტილება ჩემით მივიღე და ის, რომ ჩვენი მოსაზრებები ერთმანეთს დაემთხვა, ალბათ იმიტომ, რომ ერთი და იგივე კონსტიტუცია გვაქვს“, - აცხადებს ნათია თურნავა.