22 თებერვალს საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის, ნათია თურნავასა და “ლიბერთი ბანკის” გენერალური დირექტორის, ბექა გოგიჩაიშვილის შეხვედრის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ 150 000-ზე მეტ პენსიონერს, რომლებმაც სესხი 2023 წლამდე აიღეს, პროცენტი შეუმცირდებათ და იმ პროცენტს გაუტოლდება, რომელიც 2023 წლიდან დაწესდა.
აღსანიშნავია, რომ კობახიძეს, თურნავასა და გოგიჩაიშვილს შორის შეხვედრა სებ-ის პრეზიდენტობის მოვალეობის შემსრულებლის პარლამენტში საინტერპელაციო წესით მოსმენამდე ერთი დღით ადრე შედგა. ინტერპელაციაზე თურნავა პარტია “მოქალაქეების” ინიციატივით წარდგება.
როგორც პარტიის წევრი ქეთევან თურაზაშვილი ინტერპელაციის სხდომის დაწყებამდე მედიასთან აღნიშნავს, გუშინდელი გადაწყვეტილებების შემდეგ დამატებითი კითხვები გაჩნდა იმის თაობაზე, თუ რატომ შეუმცირდებათ სესხზე პროცენტი მხოლოდ 150 000 პენსიონერს, როდესაც “ლიბერთი ბანკის” სესხით 350 000 მათგანი სარგებლობს.
“რა თქმა უნდა, ძალიან კარგია, რომ ვიღაცებს სესხზე პროცენტი შეუმცირდებათ. მაგრამ აქ არის საუბარი ყოველთვიური გადასახადის 10-დან 20 ლარამდე შემცირებაზე არა ყველასთვის, არამედ, რატომღაც მხოლოდ 150 000 პენსიონერისთვის. მინდა შევახსენო მთავრობას, რომ 350 000-ზე მეტი პენსიონერი გვყავს, ვისაც დღეს “ლიბერთი ბანკში” სესხი აქვს. შესაბამისად, ეს არ არის საკმარისი რიცხვი.
მხოლოდ ის, რომ ამ ადამიანებს პროცენტი შეუმცირდებათ არაფერს ნიშნავს იმ თანხების ფონზე, რომლებიც პენსიონერებმა ბანკს უკვე გადაუხადეს. ზოგიერთ მათგანს 5-ჯერ, 7-ჯერ ან 10-ჯერ მეტი თანხა აქვთ “ლიბერთისთვის” დაბრუნებული”, - ამბობს თურაზაშვილი.
“მოქალაქეების” წევრი აღნიშნავს, რომ პარტიის მოთხოვნა სამუშაო ჯგუფის შექმნაა, რომელიც საკითხზე შესაბამისად იმსჯელებს და გააზრებულ გადაწყვეტილებასაც მიიღებენ.
“აბსოლუტურად გაუგებარია, როდესაც კობახიძემ სამუშაო ჯგუფის შეხვედრა დააანონსა წინა ხუთშაბათს, რატომ არ გაიმართა ის. არ გაიმართა მომდევნო კვირასაც, და უცბად ასეთი ნაჩქარევი გადაწყვეტილება მიიღეს. ვითხოვ, რომ რეალურად შეიქმნას სამუშაო ჯგუფი, რომელიც უფრო სიღრმისეულად იმსჯელებს და გადაწყვეტილებაც შესაბამისი იქნება”, - აცხადებს თურაზაშვილი.
იგი ასევე განმარტავს, რომ პენსიონერებისთვის, რომლებსაც სესხის აღების პროცესში მისი პირობები სიღრმისეულად არ აუხსნეს, სესხის განულების პრეცედენტი უკვე არსებობს, და შესაბამისი რეგულაციების დახმარებით, 350 000-ვე პენსიონერისთვის ანალოგიური პირობების შეთავაზება შესაძლებელია.