საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის ნათია თურნავას განცხადებით, საფინანსო სექტორის საერთაშორისო პარტნიორები სებ-ის გუშინდელ გადაწყვეტილებას “ერთგვაროვნად” უნდა შეხვდნენ, რადგან სებ-ი საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად მუშაობს. ამის შესახებ თურნავამ დღეს გამართულ ბრიფინგზე, ჟურნალისტის შესაბამისი კითხვის საპასუხოდ ისაუბრა.
“ვფიქრობ, რეაქცია და შეფასება იმისა, უნდა აღასრულებდეს თუ არა საქართველოს ეროვნული ბანკი საქართველოს კონსტიტუციას, მხოლოდ ერთგვაროვანი შეიძლება იყოს. ჩვენ, პირველ რიგში, ვხელმძღვანელობთ საქართველოს კონსტიტუციით და აქ განსხვავებული მოსაზრება არავის ექნება.
რაც შეეხება განმარტებას და დეტალებს, ჩვენ შემდგომი დღეები სწორედ ამით ვიქნებით დაკავებულები, რომ უფრო მეტი ინფორმაცია მივაწოდოთ როგორც ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებს, ასევე კონკრეტულ კომერციულ ბანკებთანაც გავივლით, როგორ ხდება ამის აღსრულება ისე, რომ მათი საერთაშორისო ვალდებულებებიც შესრულებული იყოს და კითხვები არ გაჩნდეს”, - აცხადებს ნათია თურნავა.
სებ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა საერთაშორისო სანქციების აღსრულების მნიშვნელობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ნებისმიერ ბანკს აქვს ვალდებულება, საეჭვო ტრანზაქციების შესახებ შესაბამის უწყებებს შეატყობინოს, მიუხედავად იმისა, არის თუ არა მისი მომხმარებელი სანქცირებული.
“სანქციების აღსრულება არის უფრო ფართო ცნება, ვიდრე კონკრეტული სანქცირებული პირის მიმართ უზრუნველყოფის ღონისძიებები (ეს პროცესი გრძელდება) - ეს არის სანქციები უცხო ქვეყნის მოქალაქეებთან დაკავშირებით, საერთაშორისო ტერორიზმთან დაკავშირებული ერთობლივი ღონისძიებები, ფული გათეთრების წინააღმდეგ მიმართული ღონისძიებები, საერთაშორისო ვაჭრობასთან დაკავშირებული სანქციების საბანკო და საფინანსო მომსახურებებთან დაკავშირებული ღონისძიებები. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ საქართველო არასდროს იქცევა სანქციების თავის არიდების ადგილად.
ნებისმიერ კომერციულ ბანკს აქვს უფლება და ვალდებულება, ნებისმიერი საეჭვო ტრანზაქციის შემთხვევაში, სანქცირებულია თუ არა მისი კლიენტი, აცნობოს შესაბამის უწყებებს და გამოიყენოს სხვადასხვა ზომა. პრინციპი იმისა, რომ საქართველოს მოქალაქე ავტომატურად, ბრალის დამტკიცების გარეშე, იყოს იზოლირებული საფინანსო სისტემიდან ისე, რომ შესაბამისმა ადგილობრივმა სტრუქტურებმა არ იმსჯელონ და სასამართლომ არ დააყენოს გამამტყუნებელი განაჩენი, ეს არ არის კონსტიტუციასთან შესაბამისობაში”, - აცხადებს ნათია თურნავა.
შეგახსენებთ, რომ 14 სექტემბერს საქართველოს ყოფილი მთავარი პროკურორი, ოთარ ფარცხალაძე აშშ-ის სანქცირებულ პირთა სიაში მოხვდა. 18 სექტემბერს, სებ-ის განცხადებით, ფარცხალაძეს საკუთრებაში არსებულ საბანკო ანგარიშებზე წვდომა შეეზღუდა, 19 სექტემბერს კი, სებ-ისავე გამონაკლისი ბრძანებით, ყოფილ პროკურორს ანგარიშებზე წვდომა აღუდგა.