სანქცირებული პირებისთვის ანგარიშებზე წვდომის აღდგენის თაობაზე სებ-ის გამონაკლისი ბრძანების სამართლებრივი მოტივები TV პირველზე “დღის ამბებში” იურისტიმა და ყოფილმა მთავარმა პროკურორმა, მაია მწარიაშვილმა შეაფასა.
მისი განმარტებით, კონსტიტუციური უფლება, რომლითაც სებ-ი საკუთარ გადაწყვეტილებას ამართლებს, ნებისმიერ ადამიანზე ვრცელდება და არა მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებზე.
“ბრძანების მოტივი გახდა ის, რომ “საქართველოს მოქალაქეების კონსტიტუციურ უფლებას ვიცავთო”. კონსტიტუციის ის თავი, სადაც ამის შესახებ წერია, არის ადამიანის უფლებები, ეს არ არის საქართველოს მოქალაქის უფლებები, ეს არის ყველა ადამიანის უფლება, ვინც კი საქართველოში იმყოფება და არა მხოლოდ მოქალაქეების - ეს სხვადასხვა რამეა, ეს უფლება ყველასთვისაა, უდანაშაულობის პრეზუმფციაც მათ შორის.
უდანაშაულობის პრეზუმფცია სისხლის სამართლის პროცესთან დაკავშირებული ბრალდებულის საპროცესო უფლებაა. ეს ნიშნავს იმას, რომ სასამართლომ დასაწყისიდანვე არ უნდა შეხედოს ბრალდებულს ისე, თითქოს დამნაშავეა; რომ ბრალდებულს არ ეკისრება თავისი უდანაშაულობის მტკიცება. ამ ჩანაწერს სანქცირების რეჟიმთან არაფერი საერთო არ აქვს. ეს არის ზომები ომის პრევენციისთვის და ნიშნავს მხოლოდ ქონებასთან წვდომის დაბლოკვას. სისხლის სამართლებრივი პროცესი სხვა რამეა და ეს უფლება ბრალდებულისთვისაა”, - განმარტავს მაია მწარიაშვილი.
კითხვაზე, უნდა გაუქმდეს თუ არა სებ-ის ბრძანება, იურისტი აღნიშნავს, რომ ბრძანების მოქმედებისთვის საკმარისი სამართლებრივი არგუმენტი არ არსებობს.
“განკარგულება უდავოდ უნდა გაუქმდეს, იმიტომ რომ ამ ტიპის სამართლებრივი არგუმენტი არ მუშაობს ოდნავ გათვითცნობიერებული აუდიტორიისთვისაც კი. ფარცხალაძესთან დაკავშირებით, ეს ყველაფერი დროის მოგებას ემსახურება, ამასობაში რომელი თანხა სად როგორ გადათამაშდა, ალბათ ოდესმე გახდება ცნობილი.
ჩვენს ქვეყანაში არ არსებობს არავითარი სამართლებრივი მექანიზმი, როგორ იქცევა სახელმწიფო სანქცირებული პირების ქონებასთან დაკავშირებით, რეესტრი რას აკეთებს, როდესაც სანქცირებული პირები უძრავ ქონებას ან კომპანიას არეგისტრირებენ, როგორ იქცევა იურისტი ან ნოტარიუსი, ან რა ხდება მაშინ, როდესაც სანქციებს არღვევს ვინმე, სამართლებრივი პასუხისმგებლობა არ გვაქვს დაწესებული. აქტივებთან წვდომის დაბლოკვა სხვა რამესთან იყო დაკავშირებული”, - ამბობს ყოფილი პროკურორი.
მაია მწარიაშვილი იმასაც აღნიშნავს, რომ სუს-ის მიერ ფარცხალაძის საქმეზე გამოძიების დაწყება პროკურატურისთვის ქონების დაყადაღების საკმარისი მიზეზი უნდა ყოფილიყო, რისი შეუსრულებლობაც აღრმავებს ეჭვს, რომ მიმდინარე მოვლენები ოთარ ფარცხალაძისთვის დროის მოგებას ემსახურება.
“თავდაპირველად სუს-მა ჩათვალა, რომ გამოძიების დაწყების ნიშნები არ ჰქონდა. რადგან მოგვიანებით ის გადავიდა გამოძიების სტადიაზე, ესეიგი, დანაშაულებრივი ნიშნები გამოიკვეთა. მთავარი მექანიზმი სისხლის სამართლის პროცესშია: როგორც კი გამოძიება იწყება, მაშინ უნდა გამოიყენოს გამოძიებამ ქონების დაყადაღების უფლება იმიტომ, რომ ეს არის უზრუნველყოფის ღონისძიება, აბა გამოძიებას რა აზრი აქვს?! ამაზე აქცენტი არ არის ახლა, ამიტომ ვამბობ, რომ ეს ყველაფერი დროის მოგებას ემსახურება”, - აცხადებს მაია მწარიაშვილი.