მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სებ-ში გარკვეული პროცესი მიმდინარეობს, რაც საქართველოს დადებითად არ ადგება - რუსლან ხოროშვილი

EY საქართველო

საკონსულტაციო კომპანია „Ernst & Young საქართველოს“ მმართველი პარტნიორის რუსლან ხოროშვილის შეფასებით, საქართველოს ეროვნულ ბანკში მიმდინარე პროცესები „საქართველოს დადებითად არ ადგება“.

ამის შესახებ მან BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ წამყვანის იმ კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც აშშ-ის მიერ საქართველოს ყოფილი გენერალური პროკურორის ოთარ ფარცხალაძის სანქციების შემდეგ, სებ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის ნათია თურნავას მიერ ე.წ. საგამონაკლისო ბრძანების გამოცემას და შედეგად, ეროვნული ბანკის სამივე ვიცე-პრეზიდენტის მიერ თანამდებობის დატოვებას შეეხებოდა.

„წერტილთან“ ინტერვიუში „EY საქართველოს“ მმართველმა პარტნიორმა იმაზეც ისაუბრა, ზოგადად, როგორ მუშაობს რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული საერთაშორისო ფინანსური სანქციები.

"აშშ-ის მთავრობა არასდროს მოვა საქართველოში და არ დაიწყებს სასამართლოში რომელიმე ქართველი პირის სანქცირების დასაბუთების დამტკიცებას. სანქციები ასე არ მუშაობს. ზოგადად, ყველა ქვეყანა თავად განსაზღვრავს ვისთან უნდა იმუშაოს, უბრალოდ, ამერიკას და ევროპას განსაკუთრებული ძალა აქვს იმის გამო, რომ დოლარი და ევრო ის ვალუტებია, რომლითაც  საერთაშორისო ტრანზაქციები ხორციელდება.

შესაბამისად, როგორც სახელმწიფო, ჩვენ არ ვართ საერთაშორისო სანქციებს მიერთებული ანუ არ გავიზიარეთ სანქციები კანონის დონეზე, მაგრამ ვიცავთ მათ, რადგან თუ არ დავიცავთ, არ გვექნება წვდომა დოლარში ტრანზაქციებზე და ეკონომიკა ცუდ დღეში აღმოჩნდება.

ამიტომ ყველა ფინანსურმა ინსტიტუტმა, გასწია ძალისხმევა იმისთვის, რომ მიუხედავად ეროვნული ბანკის ბრძანებისა, თანხვედრაში იყოს სანქციების რეჟიმთან. რა თქმა უნდა, ეს <საგამონაკლისო ბრძანების გამოცემა> არ იყო სასიამოვნო მომენტი. საბოლოო ჯამში, დიდი ეფექტიც არ ჰქონია, მაგრამ ვერ გავექცევით იმ ფაქტს, რომ სებ-ის რამდენიმე ვიცე-პრეზიდენტი გადადგა და ეს, რა თქმა უნდა, არ უკავშირდებოდა სამსახურიდან კადრების დენადობას და ახალი სამსახურის ძებნას. ეროვნულ ბანკში გარკვეული პროცესი მიმდინარეობს, რომელიც საქართველოს დადებითად არ ადგება“, - განაცხადა რუსლან ხოროშვილმა.

სებ-ის ირგვლივ განვითარებულ პროცესებზე საუბრისას „EY საქართველოს“ მმართველმა პარტნიორმა თქვა, რომ  ზოგადად, ეროვნული ბანკის სრულად დამოუკიდებლობა „რთული განსახორციელებელია“.

„იდეა, რომ ეროვნული ბანკი იყოს დამოუკიდებელი, ცოტა რთული განსახორციელებელია; პრიციპში, პოლიტიკისგან თავდაცვის სამინისტროც დამოუკიდებელი უნდა იყოს და ჯანდაცვის სამინისტროც, მაგრამ ბოლომდე ვერ იქნება, რადგან საბოლოო ჯამში, მას მმართველი პარტია ირჩევს; ამიტომ ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობის შენარჩუნება თითქოს ძალიან რთულია და შეუძლებელიც. როდის იყო სები დამოუკიდებელი? - შეიძლება, რაღაც მცირე პერიოდებში, როცა გარდამავლი პერიოდი იყო... ჩვენ უბრალოდ, გვინდა ეროვნულ ბანკში, სასამართლოსა თუ სხვადასხვა სამინისტროში პროფესიონალები მუშაობდნენ“, - განაცხადა რუსლან ხოროშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები