"საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ უფროსმა ანალიტიკოსმა ბესო ნამჩავაძემ BMGtv-ის გადაცემა "წერტილში" ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ქვეყანაში სტაბილური ფინანსური სისტემის არსებობისთვის მარეგულირებლის დამოუკიდებლობა კრიტიკულად მნიშვნელოვანია.
მისი შეფასებით, ეროვნული ბანკის მიერ სანქციების აღსრულების პოლიტიკის შეცვლა და საგამონაკლისო წესის დამტკიცება ამ დამოუკიდებლობას ეჭვქვეშ აყენებს.
"წარმოუდგენელია ეს კანონი ეროვნული ბანკიდან წამოსულიყო, იყო გარედან დავალებული კანონი. ეს არის დამამტკიცებელი საბუთი, რომ ეროვნული ბანკი არ არის დამოუკიდებელი", - ამბობს ნამჩავაძე.
ბესო ნამჩავაძემ სებ-ის მოვალეობის შემსრულებლის, ნათია თურნავას ბიზნესმენებთან შეხვედრებსაც გამოეხმაურა და აღნიშნა, ეროვნული ბანკი არის მარეგულირებელი და არა ბიზნესის ინტერესების გამტარი.
"მართალია, ბიზნესმენებთან შეხვედრები ცუდი არ არის, თუმცა უნდა გახსოვდეს, რომ მარეგულირებელი ხარ. შენ არ ხარ იმისთვის, რომ რასაც ბიზნესმენი გეტყვის ის აკეთო, რადგან ხშირად ბიზნესს თავისი ინტერესი აქვს, აინტერესებს თავისი საქმე და არა ზოგადად ეკონომიკაში რა მოხდება. ამიტომ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ბიზნესმენების ჭკუაზე არ უნდა იაროს. მაგრამ, პრინციპში, საბჭო არ ჰყავს და ვიღაცას ხომ უნდა დაელაპარაკოს. როგორც ჩანს, ბიზნესმენები გახდნენ მრჩევლები", - აცხადებს " საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" უფროსი ანალიტიკოსი, ბესო ნამჩავაძე.
ცნობისთვის: სებ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის ე.წ. საგამონაკლისო ბრძანება რუსეთისთვის დაწესებული ფინანსური სანქციების აღსრულების წესში საქართველოს მოქალაქეებისათვის გამონაკლისის დაშვებას გულისხმობს. ნათია თურნავამ აღნიშნული ბრძანება აშშ-ის მიერ საქართველოს ყოფილი მთავარი პროკურორის ოთარ ფარცხალაძის სანქცირების შემდეგ გამოსცა.
ნათია თურნავას ე.წ. საგამონაკლისო ბრძანება იყო მიზეზი, რატომაც სებ-ის სამმა ვიცე პრეზიდენტმა - არჩილ მესტვირიშვილმა, პაპუნა ლეჟავამ და ნიკოლოზ გაგუამ დატოვეს. ნათია თურნავას მრჩევლობაზე უარი თქვა გიორგი ბაქრაძემაც.