ეროვნული ბანკის პრეზიდენტობის მოვალეობის შემსრულებლის, ნათია თურნავას, დღევანდელი ბრიფინგის მიმდინარეობისას ცნობილი გახდა, რომ სებ-ის ვიცე-პრეზიდენტმა პაპუნა ლეჟავამ და მოგვიანებით არჩილ მესტვირიშვილმა თანამდებობები დატოვეს. ჟურნალისტის კითხვაზე, ეროვნული ბანკის საბჭოს წევრებიდან, უნდა ველოდოთ თუ არა კიდევ ვინმეს გადადგომას და პროტესტს, თურნავა პასუხობს, რომ სებ-ის გუშინდელი გადაწყვეტილების შესახებ საბჭოს წევრები საქმის კურსში იყვნენ.
“ამის შესახებ ჩემთვის ცნობილი არ არის. მე მზად ვარ, კოლეგებთან ერთად კიდევ ერთხელ გავიარო თუ რამე კითხვა არსებობს.
გადაწყვეტილების მიღების შესახებ მათთვის იყო ცნობილი, თუმცა ვუშვებ, რომ ყველას თავისი მოსაზრება ჰქონდეს. მე ამაზე ჩემი პოზიცია უკვე გამოვხატე, მზად ვარ კოლეგიალურად განვიხილოთ სხვადასხვა საკითხი, მაგრამ იქ სადაც საქმე ეხება საქართველოს კანონმდებლობის შესრულებას, ამაზე ორი აზრი ვერ იარსებებს. მე იმედი მაქვს, რომ ეს მხოლოდ ცალკეული შემთხვევაა”, - აცხადებს ნათია თურნავა.
ცნობისთვის, სებ-მა გუშინ გამონაკლისი ბრძანება გამოსცა, რომლის თანახმადაც სანქცირებულ ოთარ ფარცხალაძეს საბანკო ანგარიშებზე წვდომა აღუდგება.