გთავაზობთ გასული კვირის (20-26 ოქტომბრის) მნიშვნელოვან მოვლენებს საქართველოს ეკონომიკაში.
თბილისში აბრეშუმის გზის ფორუმი გაიმართა
თბილისში აბრეშუმის გზის ფორუმი გაიმართა, რომელსაც სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი და აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრი ალი ასადოვი დაესწრო. ასევე მასში მონაწილეობა მიიღეს ცენტრალური აზიის ქვეყნების მაღალჩინოსნებმა და რეგიონის ქვეყნების კერძო სექტორის წარმომადგენლებმა.
აბრეშუმის გზის ფორუმში 2300-ზე მეტმა დელეგატმა მიიღო მონაწილეობა. ტრადიციული თემატური დისკუსიების გარდა, რომლებიც ვაჭრობას, ტრანსპორტს, ენერგეტიკას, ციფრულ კავშირებს და სხვა პრიორიტეტულ რეგიონულ მიმართულებებს შეეხებოდა, ფორუმის ფარგლებში პირველად გაიმართა თბილისის ფინანსური სამიტი, რომელიც საქართველოს ეროვნულ ბანკთან და სინგაპურში დაფუძნებული ორგანიზაცია Global Finance & Technology Network-თან თანამშრომლობით ჩატარდა.
სახელმწიფო Eagle Hills-ის პროექტის 33%-ის მფლობელი გახდა
აბრეშუმის გზის ფორუმის ფარგლებშო გაფორმდა საინვესტიციო შეთანხმება, რომელიც Eagle Hills-ის ქართულ შვილობილში სახელმწიფოს წილობრივ მონაწილეობას ითვალისწინებს. სახელმწიფოს აღნიშნულ კომპანიაში 33%-ის წილი ექნება.
სახელმწიფო პროექტში უძრავი ქონებით შედის - გონიოში არსებული 260 ჰექტარით და თბილისის მიმდებარედ არსებული 590 ჰექტარით. Eagle Hills-ის მაჟორიტარული აქციონერის ვალდებულება კი 6.6-მილიარდიანი პროექტის განხორციელებისთვის აუცილებელი კრედიტების მოზიდვა იქნება.
ეკონომიკის მინისტრის მოადგილის, ირაკლი ნადარეიშვილმა განაცხადა, რომ დეველოპერულმა კომპანია Eagle Hills-მა გონიოსა და თბილისის მიმდებარედ არსებულ პროექტებზე განაშენიანების რეგულირების გეგმა მომდევნო წლის ზაფხულამდე უნდა წარადგინოს დასამტკიცებლად. ასევე მოამზადოს და შეათანხმოს არქიტექტურული პროექტები და მათზე ნებართვები მიიღოს.
ირაკლი ღარიბაშვილს სასამართლომ 1 მილიონი ლარის გირაო შეუფარდა
თბილისის საქალაქო სასამართლომ ექსპრემიერ ირაკლი ღარიბაშვილს გირაოს სახით 1 მილიონი ლარი შეუფარდა. მას აეკრძალა ქვეყნის დატოვება და ჩამოერთვა პასპორტი.
გენერალური პროკურორის განცხადებით, თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში, ირაკლი ღარიბაშვილი ფარულად და შენიღბულად აქტიურად ახორციელებდა სხვადასხვა ტიპის ბიზნეს საქმიანობას და იღებდა დიდი რაოდენობით არალეგალური ტიპის შემოსავლებს. პროკურორის თქმით, 17 ოქტომბერს ირაკლი ღარიბაშვილის ჩხრეკის შედეგად 6.5 მლნ დოლარი ამოიღეს. პროკურატურა მიუთითებს, რომ ირაკლი ღარიბაშვილი წლების განმავლობაში აყალბებდა ქონებრივ დეკლარაციებს და უთითებდა ოჯახის წევრისგან მიღებულ ფულად საჩუქრებს ჯამში 830,000 ლარის ოდენობით, რითიც აღნიშნული თანხების წარმომავლობას მალავდა.
Lukoil-ს ფინანსური სანქციები დაუწესდა
22 ოქტომბერს აშშ-მა ფინანსური სანქციები დაუწესა რუსულ ენერგოგიგანტ Lukoil-ს და ყველა მის შვილობილ კომპანიას, რომელშიც ის 50%-ზე მეტს ფლობს. მათ შორისაა "ლუკოილ ჯორჯიაც", რომელიც 100%-ით რუსული ენერგოგინატის საკუთრებაშია. თუმცა, სანქციების დოკუმენტს აშშ-ის ხაზინამ დაურთო ცალკე გამონაკლისი, რომლის მიხედვითაც 2025 წლის 21 ნოემბრამდე, სანქციები რუსეთის ფედერაციის გარეთ, Lukoil-ის ბენზინგასამართ სადგურებს არ შეეხება.
ამ თარიღის შემდეგ თუკი აღნიშნული სადგურები კვლავ კომპანიის საკუთრებაში იქნა, მათზეც ფინანსური სანქციები გავრცელდება. ეს სანქციები გულისხმობს იმას, რომ ბანკები საგადახდო ოპერაციების წარმოებას შეწყვეტენ.
საქართველოს რკინიგზამ ხაშური-ხარაგაული-ზესტაფონის ხაზის მოდერნიზების $270-მილიონიანი პროექტი დაასრულა
საქართველოს რკინიგზის გენერალურმა დირექტორმა ლაშა აბაშიძემ აბრეშუმის გზის ფორუმზე განაცხადა, რომ კომპანიის ხაშური-ხარაგაული-ზესტაფონის სარკინიგზო ხაზის მოდერნიზაციის პროექტის ინფრასტრუქტურული სამუშაოები დასრულდა და ამჟამად მასზე მატარებლები საცდელ რეჟიმში მოძრაობენ.
კომპანია პროექტის განხორციელებაზე 2011 წლიდან მუშაობს, რაც მსოფლიო ბანკის კრედიტით ფინანსდება, ამისთვის ჯერ კიდევ 2011 წლის აგვისტოში ჩინურ კორპორაცია "ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროსთან" გაფორმდა 249 მილიონი შვეიცარიული ფრანკის ღირებულების კონტრაქტი. 2024 წლის ნოემბერში კი ამავე კომპანიასთან დამატებით 17 მილიონი დოლარის კონტრაქტი გაფორმდა, რომლის მიხედვითაც ინფრასტრუქტურული სამუშაოები ერთი წლის ვადაში უნდა დასრულებულიყო.
მთავრობამ 1.7 გიგავატის ჯამური სიმძლავრის ენერგოპროექტების განხილვა შეწყვიტა
მთავრობის განკარგულებით შეწყდა ათობით ენერგეტიკული პროექტის განხილვა, რომლებზეც საინვესტიციო შეთანხმებები (მემორანდუმები) არ იყო გაფორმებული. ეს პროექტები მთლიანობაში 1.7 გიგავატის სიმძლავრის იყო და მათზე ინვესტორები სახელმწიფოსთან პირდაპირი შეთანხმების გაფორმების მიზნით აწარმოებნენ მოლაპარაკებებს.
გაუქმებული პროექტები მოიცავს ჰესებს, მზის და ქარის ელექტროსადგურებს. არაერთი მათგანის შესახებ საქმის წარმოება დაიწყო წინა პრემიერმინისტრის - ირაკლი ღარიბაშვილის მმართველობის პერიოდში, ასევე მაშინ როდესაც ეკონომიკის სამინისტროში ენერგეტიკის სექტორის საკითხებს კურირებდა რომეო მიქაუტაძე, რომელიც ამჟამად კორუფციის მუხლით არის ბრალდებული.
ირაკლი კობახიძის თქმით, სახელმწიფოს შემდგომი ნაბიჯები ენერგეტიკის სექტორში საკმაოდ გამჭვირვალე და ინვესტორებისთვის მისაღები იქნება.
დიდი დიღმიდან მეტრო დიდუბემდე ტრამვაის ხაზის მშენებლობის ₾416-მილიონიანი ტენდერი გამოცხადდა
თბილისის მერიამ გამოაცხადა ₾416.5-მილიონიანი საერთაშორისო ტენდერი, რომლითაც დიდი დიღმიდან მეტრო დიდუბემდე ტრამვაის 7.5-კილომეტრიანი ხაზის დაპროექტება და მშენებლობა იგეგმება. პროექტი ასევე მოიცავს ტრამვაის დეპოს მშენებლობას და მის ტექნიკურ აღჭურვას. ტრამვაის ახალ ხაზს 11 გაჩერება უნდა ჰქონდეს.
ტრამვაის ხაზი ძირითადად დავით აღმაშენებლის ხეივნის შუა მონაკვეთს გაივლის, რაც ამჟამად გამწვანებულ ზონას წარმოადგენს. ჯერჯერობით უცნობია თუ რამდენი მწვანე ნარგავის ამოღება გახდება პროექტის განხორციელებისთვის საჭირო. პროექტის განხორციელებისთვის კონტრაქტორს 36 თვის ვადა, ანუ 3 წელი ექნება. აქედან უშუალოდ სამშენებლო სამუშაოებისთვის 24 თვე არის გამოყოფილი.
ამასთან, ტენდერში არ შედის უშუალოდ ტრამვაის 10 ერთეული მოძრავი შემადგენლობის შესყიდვის საფასური, რისთვისაც თბილისის სატრანსპორტო კომპანია დამოუკიდებელ ტენდერს გამოაცხადებს.
თბილისიდან გასასველ მაგისტრალზე ახალი გვირაბის მშენებლობა იგეგმება - პროექტი
ინფრასტრუქტურის სამინისტრო თბილისიდან გასასვლელი გზის მოდერნიზებას გეგმავს. არსებული მარშრუტი ჩანაცვლდება 8-ზოლიანი მაგისტრალით, რომელიც ქოშიგორის ქვეშ ორი პარალელური გვირაბის მშენებლობას ითვალისწინებს.
მთლიანობაში მოდერნიზაცია ჩაუტარდება თბილისი-ნატახტარის 11-კილომეტრიან საგზაო მონაკვეთს და ის სრულად 8-ზოლიან გზად გადაკეთდება.
პროექტთან დაკავშირებით გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტში ნებართვის მისაღებად წარდგენილია გარემოზე ზემოქმედების შეფასება და დეტალური საპროექტო დოკუმენტაცია. აღნიშნულთან დაკავშირებით უწყებაში მოქალაქეებს შენიშვნების წარდგენა მომდევნო რამდენიმე თვის ვადაში შეეძლებათ.




























